ცვლილება პირველკლასელთა რეგისტრაციის წესებში- ბავშვები სკოლაში რეგისტრაციის მისამართის მიხედვით ჩაირიცხებიან.

დაწყებითი განათლების დაწყების ასაკად 6 წელი განისაზღვრა. აღნიშნული მითითებულია მთავრობის მიერ დამტკიცებულ „ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში“.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს ცვლილება გულისხმობს მოსწავლეების სკოლაში მიღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ 15 სექტემბრამდე უსრულდებათ 6 წელი.

გარდა ამისა, კონცეფცია ითვალისწინებს პირველ კლასში რეგისტრაციის პროცესის კიდევ ერთ ცვლილებას. კერძოდ, საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპის დაწყებამდე, ბავშვები სკოლაში რეგისტრირებული მისამართის საფუძველზე ჩაირიცხებიან.

„სკოლამდელი განათლების განახლებული სახელმწიფო სტანდარტები უფრო მკაფიოდ განსაზღვრავს იმ მინიმალურ შესაძლებლობებსა და განვითარების უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია ბავშვის სასკოლო პროცესში ჩასართავად.

გარდა ამისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების, მისი სოციალურ-ემოციური მზაობისა და განვითარების ტემპის გათვალისწინებით, დაწყებითი განათლების დაწყების ასაკად 6 წელი განისაზღვრა. ეს ნიშნავს, რომ მოსწავლე სკოლაში ჩაირიცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 6 წელი 15 სექტემბრამდე შეუსრულდა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში დამატებითი ცვლილებებიც განხორციელდება. კერძოდ, საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპამდე, ბავშვები სკოლაში რეგისტრირებული მისამართის საფუძველზე მიიღებიან.

2026-2027 სასწავლო წლისთვის ეს დამატებითი ეტაპი მხოლოდ დიდ ქალაქებში ამოქმედდება, ხოლო მომდევნო პერიოდიდან — ყველა სკოლაში.

დაწყებით და საშუალო საფეხურებზე შეიქმნება გარემო, სადაც მოსწავლეები მიიღებენ სისტემურ ცოდნას და შეძლებენ დამოუკიდებლად განსაზღვრონ თავიანთი პროფესიული თუ აკადემიური გზა. სკოლები შეიმუშავებენ კარიერული დაგეგმვისა და მართვის სისტემას, რათა დაეხმარონ მოსწავლეებს საკუთარი ინტერესებისა და უნარების აღმოჩენაში.

„სკოლა გააფართოებს ყოვლისმომცველ პროფესიული სწავლების პროგრამებს და შესთავაზებს მოკლევადიან პროფესიულ კურსებს“, — ნათქვამია დოკუმენტში.