კერძოდ, ხაშურის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 3 ლარით გაიზარდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ავტოსადგურ „დიდუბის“ დირექტორმა, ნესტორ მიქატაძემ განუცხადა, ფასების ზრდა სხვა მარშრუტებზეც არის მოსალოდნელი. რაც შეეხება ახალქალაქის მიმართულებას, Jnews-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მძღოლები ფასების გაზრდას არ გეგმავენ.
„უკვე რამდენიმე დღეა, რაც ფასი გაიზარდა ხაშურის მიმართულებით. ეს მოხდა მძღოლების მოთხოვნით. ეს იყო გადამზიდავების უშუალო მოთხოვნა. ადრე 7 ლარი ღირდა, გახდა 10.
აღმოჩნდა, რომ იქიდან მომავალმა ტრანსპორტმა ფასები იანვრის დასაწყისიდანვე გაზარდა. ამის შემდეგ მძღოლებმა ჩვენს დისპეტჩერსაც სთხოვეს. მათ განცხადებითაც მოგვმართეს, თუმცა გარკვეული პერიოდი თავს ვიკავებდით და ვამბობდით, რომ სხვა მიმართულებებზე ფასი არ იზრდებოდა. თუმცა, ახლა უკვე სხვებიც საუბრობენ გაძვირებაზე.
მძღოლების მხრიდან არის მოთხოვნა სხვა მიმართულებებზეც, მაგრამ სანამ ოფიციალურად არ მოგვმართავენ, სანამ განცხადებას არ დაწერენ და ყველა ხელს არ მოაწერს, გადაწყვეტილებას არ ვიღებთ. ხაშურთან დაკავშირებით, როდესაც მათ ერთობლივად მოგვმართეს, წინააღმდეგი ვერ წავედით.
კონკრეტულად რა შემიძლია გითხრათ — კიდევ საუბრობენ წყალტუბოზე. ქუთაისიც 20 ლარი ღირს და წყალტუბოც, ამიტომ გეგმავენ ფასის მომატებას. თუმცა, ოფიციალურად ჩემთვის ჯერ არ მოუმართავთ.
ხაშურზეც მინდა ვთქვა, რომ დიდხანს „ვიჭერდით“ ფასებს. ვეუბნებოდით, რომ კლიენტებს დაკარგავდნენ, მაგრამ როდესაც ყველგან გაიზარდა ფასები ჩვენს გარშემო, ვერაფერი გავაწყვეთ. განა მხოლოდ ჩვენი ავტოსადგურიდან დადის ეს მიმართულება?! როდესაც ყველამ აწია ფასი, ჩვენ ბოლო ვიყავით, ვინც ამას დათანხმდა. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ განვიხილეთ და დავაკმაყოფილეთ მოთხოვნა“, – განაცხადა ნესტორ მიქატაძემ.