პირველი კატეგორიის საწარმოებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში რეგისტრაცია 2026 წლის 31 იანვრამდე უნდა გაიარონ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს კანონით „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ენერგეტიკული აუდიტის ჩატარების წესით“.
„რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, საწარმომ სამინისტროს ელექტრონულ მისამართზე — gesrp@moesd.gov.ge — უნდა წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია ამ რეგლამენტის დანართიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.“
როგორ განისაზღვრება პირველი კატეგორიის საწარმო?
საწარმო მიეკუთვნება პირველ კატეგორიას, თუ იგი აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამი კრიტერიუმიდან მინიმუმ ორს:
აქტივების ჯამური ღირებულება: აღემატება 50 მილიონ ლარს;
შემოსავალი: აღემატება 100 მილიონ ლარს;
დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა: აღემატება 250 ადამიანს.