“ქართულმა ოცნებამ” რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელად ალექსანდრე წულაძე დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია “ტვ პირველს” საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დაუდასტურა.

როგორც “შაბათის ეთერს” ბოჭორიშვილმა უთხრა, წულაძის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება მან და ირაკლი კობახიძემ მიიღეს.

დანიშვნის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ჯერ ატვირთული არ არის. უცნობია, წულაძე როდიდან შეუდგა ახალ თანამდებობაზე მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ წულაძემ პოსტზე მამუკა მერკვილაძე ჩაანაცვლა.

ცნობისთვის, ალექსანდრე წულაძემ განათლების მინისტრის პოსტი 2025 წლის ივნისის ბოლოს დატოვა. ის ამ უწყებას 2024 წლის ოქტომბრიდან – ანუ მხოლოდ დაახლოებით 8 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მანამდე იყო განათლების მინისტრის მოადგილე. განათლების სამინისტრომდე კი 2023 წლის ჩათვლით უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტს იკავებდა. წულაძეს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ აქვს.

“მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება და არ არის სავალდებულო, ყველა იყოს დიპლომატი, მით უმეტეს, მაშინ როცა ადამიანს უშვებ მაღალ თანამდებობაზე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში”, – განუცხადა მაკა ბოჭორიშვილმა “ტვ პირველს”.