ირანში სოციალურ-ეკონომიკური კრიზისითა და გამკაცრებული სანქციებით გამოწვეულმა ფართომასშტაბიანმა საპროტესტო აქციებმა გამოავლინა ღრმა სისტემური წინააღმდეგობები საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ანალიტიკურ ცენტრ „ორბელთან“ და ირანის საკითხების ექსპერტ ედვარდ ბერუჯანიანთან ინტერვიუში განვიხილავთ არსებული არასტაბილურობის მიზეზებს, საშუალო ფენის როლს საპროტესტო მოძრაობაში, მომავლის შესაძლო სცენარებს და ირანში შექმნილი ვითარების გავლენას სომხეთზე, საქართველოზე და რეგიონულ სატრანზიტო პროექტებზე.
— როგორ აფასებთ ირანში შექმნილ ვითარებას? რით განსხვავდება ის წინა კრიზისებისგან?
— წინა საპროტესტო ტალღებთან შედარებით, ამჟამინდელი მასშტაბი საგრძნობლად უფრო დიდია. საპროტესტო მოძრაობამ მოიცვა ირანის თითქმის ყველა რეგიონი და აქციებში ხალხის უფრო დიდი მასები მონაწილეობდნენ. მართალია, თავდაპირველი მოტივი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო, მაგრამ მოგვიანებით პროტესტმა ძალიან სწრაფად მიიღო პოლიტიკური ხასიათი.
როგორც ცნობილია, გასულ წელს ირანში მოხდა თორმეტდღიანი ომი, რის შემდეგაც დასავლეთის სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდა. ამან ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდო. ეროვნული ვალუტის მკვეთრმა გაუფასურებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ეკონომიკას; ბიზნესმა და ვაჭრობამ შეწყვიტა ნორმალურ, მომგებიან რეჟიმში ფუნქციონირება.
ამჟამინდელი კრიზისის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ის იყო, რომ საპროტესტო აქციები უკვე საშუალო ფენის წრეებში დაიწყო. ამ პროტესტში ბიზნესმენები და საშუალო კლასის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც იცით, საშუალო ფენის ჩართულობა უკვე ქმნის რევოლუციური განვითარების ახალ შესაძლებლობებს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხელისუფლებას.
თავდაპირველად ხელისუფლება ცდილობდა ბიზნეს-საზოგადოებისთვის კომპრომისული და მოლაპარაკებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები შეეთავაზებინა. თუმცა, როგორც კი შეიცვალა ლოზუნგები და მოწოდებები — გაჟღერდა ანტისამთავრობო, ანტისიტემური და ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებები — მთავრობა გადავიდა უხეში ძალის გამოყენების მეთოდზე. გაითიშა ინტერნეტი და მობილური ოპერატორების მომსახურება, რამაც გამოიწვია საპროტესტო აქციების ინტენსივობის შემცირება.
ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ ლოკალური პროტესტები, თუმცა ისინი აღარ არის ისეთი ინტენსიური, როგორიც ათი დღის წინ იყო.
— რამდენი დაღუპული და დაკავებული დაფიქსირდა?
— 9 იანვარს ზეწოლის გაძლიერების შემდეგ, საუბარი იყო დაახლოებით 4 000 დაღუპულზე. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები 12 000-მდე მსხვერპლსაც ახსენებენ, თუმცა ვფიქრობ, ეს ციფრი ოდნავ გადაჭარბებულია. 12 000 დაღუპულის შემთხვევაში, სისტემას გაცილებით მეტი პრობლემა შეექმნებოდა.
ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად, დაკავებულია 10 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ძალოვანი სტრუქტურების 200-მდე თანამშრომელი დაიღუპა. ეს ციფრები მეტყველებს უკიდურესად მასშტაბურ და ძალადობრივ შეტაკებებზე.
ამჟამად ინტერნეტკავშირი თანდათან აღდგება. მთავრობა დაპირდა, რომ კვირის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს ინტერნეტთან წვდომას. ჯერჯერობით ვითარება შედარებით მშვიდია.
თუმცა, მიმაჩნია, რომ ყოველი მომდევნო საპროტესტო გამოსვლა შეიძლება კიდევ უფრო ინტენსიური იყოს. საკითხავი ის არის, მუდმივად ამ ძალადობრივი სტილით გააგრძელებს თუ არა ირანის მთავრობა მოქმედებას. მხოლოდ ხალხის დათრგუნვით სისტემის შენარჩუნება შეუძლებელია. ირანში ძალიან მძიმე მდგომარეობა შეიქმნა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სისტემური თვალსაზრისითაც. საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის აშკარაა სერიოზული სოციალური, დემოგრაფიული და იდეოლოგიური წინააღმდეგობები. თუ ირანის მთავრობა და ხელისუფლება მკვეთრ და რადიკალურ ცვლილებებს არ განახორციელებს, პროცესების განმეორების ალბათობა ძალიან დიდია.
— მოახერხა თუ არა ოპოზიციამ რაიმე დათმობის მიღწევა?
— არანაირ კომპრომისზე საუბარი არ არის. ირანის მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ მზად იყვნენ ბიზნესმენებთან გარკვეული გადაწყვეტილებების გამოსაძებნად და ეს პროცესი დაწყებულიც კი ჰქონდათ. უკვე შეიცვალა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი და მუშავდება სხვადასხვა ეკონომიკური პროგრამა.
თუმცა, არსებობს ღრმა იდეოლოგიური გაყოფა, რომელიც სერიოზულ პრობლემად რჩება. ღირებულებების შეცვლამ შესაძლოა სისტემური ცვლილებები გამოიწვიოს, მაგრამ ირანის ხელისუფლებას რევოლუციის შემდეგ ღირებულებითი ცვლილებები ჯერ არ განუხორციელებია. ეს რთულიცაა, რადგან ირანი ისლამური რესპუბლიკაა.
ხანგრძლივი სანქციების პირობებში ქვეყნის ეკონომიკა თანდათანობით დეგრადირდება. მიუხედავად ირანის მნიშვნელოვანი რესურსებისა, ის ვერ ახერხებს მათ სრულფასოვან რეალიზებას. ეს კი ქვეყნის შიგნით სერიოზულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს იწვევს.
— ახდენს თუ არა ეს მოვლენები გავლენას ირანის საგარეო პოლიტიკაზე და რჩება თუ არა ის სომხეთის პარტნიორად?
— რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციები, სანქციები და რთული შიდა მდგომარეობა გავლენას ახდენს ირანის საგარეო პოლიტიკაზე. ომისა და მისგან გამომდინარე მოვლენების შემდეგ, ირანის საგარეო პოლიტიკას აღარ აქვს ის სტაბილურობა და წონა, რაც მას ჰქონდა, მაგალითად, 2015 წელს.
სომხეთ-ირანის ურთიერთობების საკითხში სომხეთის პოზიცია ირანის მიმართ უცვლელი რჩება. ირანი სომხეთისთვის კვლავ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევა. ჩვენს სამხრეთ მეზობელთან გვაქვს სერიოზული ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა.
სომხეთისთვის ირანის უმართავი არასტაბილურობა უკიდურესად სახიფათოა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდი, სტაბილური და, რატომაც არა, ძლიერი ირანი.
— ახდენს თუ არა გავლენას ირანში მიმდინარე მოვლენები სომხეთ-ირანის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე?
— ირანის ეკონომიკური მდგომარეობა, სანქციების გამო, კვლავ უკიდურესად მძიმეა. საპროტესტო აქციების დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ქვეყნები და ორგანიზაციები, რომლებიც ვაჭრობენ ირანთან, აშშ-სთან თანამშრომლობისას იძულებულნი იქნებიან 25%-ით მეტი საბაჟო გადასახადი გადაიხადონ.
ეს გარკვეულწილად ზღუდავს სომხეთ-ირანის ვაჭრობის ნორმალურ განვითარებას. ბევრი ქვეყანა და კომპანია, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სანქციების ქვეშ მოხვედრის შიშით, არ არის მზად ბიზნესი ძველებურ დონეზე აწარმოოს.
თუ ეს ვითარება გაგრძელდება, მიუხედავად გარკვეული თვითკმარობისა, ირანის ეკონომიკას არ გააჩნია ისეთი რესურსები, როგორიც აქვს ჩინეთს ან რუსეთს, რომლებსაც შეუძლიათ შედარებით ეფექტურად აუარონ გვერდი სანქციებს. მიუხედავად იმისა, რომ ირანი 1979 წლიდან სანქციების ქვეშ იმყოფება და ახერხებდა ფუნქციური სახელმწიფოს შენარჩუნებას, ამჟამინდელი ტენდენციები მდგომარეობის თანდათანობით გაუარესებაზე მეტყველებს.
— როგორ ახერხებს ირანი სანქციებისთვის თავის არიდებას?
— ეს ირანისთვის მთავარი პრობლემაა. ქვეყანას არ შეუძლია პირდაპირი სავაჭრო კავშირი იქონიოს სერიოზულ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციებთან, ამიტომ ხდება შუამავლების მეშვეობით ვაჭრობა.
ნავთობის გაყიდვა ირანისთვის ყველაზე რთული საკითხია. ქვეყანა ცდილობს ნავთობი ფიქტიური (შენიღბული) ორგანიზაციების მეშვეობით გაყიდოს და ეს ნავთობი ძირითადად ჩინეთში მოიხმარება.
ნებისმიერ შემთხვევაში, ირანი ვერ ახერხებს სრულფასოვან ვაჭრობას, რაც იწვევს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას — მან ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ახალ საპროტესტო ტალღებს უდებს საფუძველს.
— რამდენად მნიშვნელოვანი იყო საგარეო ჩარევა ირანში შექმნილ ამ ვითარებაში?
— რა თქმა უნდა, საგარეო ჩარევა აშშ-ის მხრიდან არსებობს. დონალდ ტრამპმა პირდაპირი განცხადებები გააკეთა და მიანიშნა პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობაზეც. თუმცა, 14 იანვარს მან გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ირანის ხელისუფლებამ თავი შეიკავა 800 პატიმრის სიკვდილით დასჯისგან და ვითარება თანდათან სტაბილურდება. ეს უკვე უკან გადადგმული ნაბიჯი იყო მის წინა განცხადებებთან შედარებით, სადაც ის პირდაპირ სამხედრო ჩარევაზე მიანიშნებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონის ზუსტი გათვლები უცნობი რჩება, არ გამოირიცხებოდა პირდაპირი სამხედრო დარტყმები ირანის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე.
— როგორ მოქმედებს ირანში მიმდინარე მოვლენები საქართველოს სატრანზიტო როლზე?
— თუ გადავხედავთ საერთაშორისო დერეფნებს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ეჭვგარეშეა, ჩინეთის პროექტი „ერთი სარტყელი, ერთი გზაა“. „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) ტვირთბრუნვის ერთ-ერთი ძირითადი მარშრუტი კი არის აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის რკინიგზა, ისევე როგორც საქართველოს გზები, რომლებიც ამავე დერეფნის ნაწილად არის ცნობილი.
საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა ახლაც ხორციელდება, თუმცა საუბარია ასევე „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფანზე, რომელიც, მიუხედავად შეთავაზებული ხედვისა, ამჟამად არც ისე კარგად ფუნქციონირებს — ვგულისხმობ მარშრუტს ირანის გავლით შავი ზღვისკენ ან რუსეთისკენ.
არსებობს რამდენიმე მარშრუტი, თუმცა აზერბაიჯანის გავლით მიმავალი გზა, როგორც ჩანს, მთავარია, რადგან ირან-აზერბაიჯან-რუსეთის მარშრუტი ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ყველაზე ხელსაყრელია. განიხილება სომხეთ-საქართველოს მარშრუტიც, მაგრამ აქ ინფრასტრუქტურული პრობლემაა — სათანადო ბაზა ჯერჯერობით არ არსებობს. სიუნიქის ოლქში სამუშაოები კვლავ გრძელდება და მათ ირანული კომპანია ასრულებს. თუ რეგიონში არასტაბილურობა იქნება, ეკონომიკური ბრუნვაც, ბუნებრივია, შემცირდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, ბოლო წლებში ირანი თავადაც სთავაზობს ახალ დერეფანს საკუთარი ტერიტორიის გავლით, კერძოდ: აზერბაიჯანი-ირანი-ნახიჩევანი. ირანი დაინტერესებულია, რომ ტვირთბრუნვამ სწორედ მის ტერიტორიაზე გაიაროს.
— შემცირდება თუ არა საქართველოს როლი „TRIPP“ (ე.წ. ტრამპის მარშრუტი ან ზანგეზურის დერეფანი) პროექტის ამუშავების შემდეგ?
— ასევე არსებობს რკინიგზა ჩინეთიდან ყაზახეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის გავლით ირანისკენ, შემდეგ კი — თურქეთის ან სომხეთისკენ, ტვირთების დანიშნულებისამებრ. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მარშრუტი, რომლებიც შეიძლება ალტერნატივად გამოდგეს, მაგრამ სანამ ირანი მკაცრი სანქციების ქვეშ რჩება, ეს ირანული მარშრუტი არ იქნება მაინცდამაინც მიმზიდველი ევროპული და ამერიკული კომპანიებისთვის. თუმცა, ჩინეთი ცალსახად ითანამშრომლებს ირანთან ამ მიმართულებით და ირანი ამაში შესაძლებლობას ხედავს.
საქართველოს პრივილეგირებული სტატუსი — რომლის მიხედვითაც სატრანზიტო „შუა დერეფანი“ მხოლოდ საქართველოზე გადის — უკვე შესუსტდა და კიდევ უფრო შემცირდება, თუ „TRIPP“ პროექტი ამუშავდება. ამაზე ჩვენი ქართველი კოლეგებიც საუბრობენ. თუმცა, საქართველომ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება შექმნას ძალიან მიმზიდველი პროექტები.