ახალქალაქის მცხოვრებლებმა ქალაქში გადაადგილებისას შეამჩნიეს მერიის მიერ შესყიდული ახალი ავტობუსები, რომლებიც მუნიციპალურ მარშრუტებზე საზოგადოებრივ ტრანსპორტად უნდა იქნას გამოყენებული. მერიიდან აცხადებენ, რომ ავტობუსების რეგულარული ექსპლუატაცია უახლოეს თვეებში დაიწყება, ხოლო ზუსტ მარშრუტებსა და ფინანსურ საკითხებს სპეციალური კომისია საკრებულოსთან ერთად გადაწყვეტს.

ახალქალაქის მცხოვრებლებმა ქალაქის ქუჩებში დაინახეს მერიის მიერ შესყიდული ავტობუსები, რომლებიც შიდა საქალაქო სატრანსპორტო ხაზებზე სატესტო რეჟიმში გადაადგილდებოდნენ. მოსახლეობა დაინტერესდა, დაიწყო თუ არა ავტობუსებმა უკვე მუშაობა და რა მარშრუტებით იმოძრავებენ ისინი.

განმარტებების მისაღებად Jnews ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა.

მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, მნაცაკან ფამბუხჩიანმა განმარტა:

„ავტობუსები ამჟამად სხვადასხვა საჭიროებისთვის გადაადგილდებიან. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მარშრუტებსა და ექსპლუატაციის საკითხებზე. რეგულარულ მუშაობას ისინი უახლოეს თვეებში დაიწყებენ, რის შესახებაც დამატებით შეგატყობინებთ“.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ გასალ წელს ორი ავტობუსი 424 178 ლარად შეიძინა. ახალი ტრანსპორტი ქალაქში წლის ბოლოს ჩამოვიდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მერიის კომისია საკრებულოსთან ერთად იანვარში განსაზღვრავს არა მხოლოდ მარშრუტების მიმართულებებს, არამედ მათი ექსპლუატაციის ფინანსურ მხარეებსაც.

ამასთანავე, გასულ წელს, 2026 წლის ბიუჯეტის განხილვისას, ავტობუსებისთვის დაფინანსება გამოყოფილი არ იყო, რის გამოც დეპუტატებმა შენიშვნა გამოთქვეს.