ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლის გზებზე მოძრაობა მნიშვნელოვნად გაართულა. სოფელ თახჩასთან დამაკავშირებელი გზა ამჟამად სრულად ჩაკეტილია. ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა.
უკვე თითქმის ერთი კვირაა, რაც მუნიციპალიტეტში რთული მეტეოროლოგიური პირობები ნარჩუნდება. ძლიერმა ქარმა და თოვლმა სოფლის არაერთ გზაზე გადაადგილება გააძნელა ან დროებითი შეფერხება გამოიწვია. ამ დროისთვის გზების გაწმენდით სამუშაოებს კომპანია „ჯავახავტოგზის“ სპეციალური ტექნიკა ახორციელებს.
„დილით გაიწმინდა სოფელ ჩამდურასა და მურჯახეთისკენ მიმავალი გზები, ღამით კი — სოფელ აბულის გზა. ამჟამად ტექნიკა სოფელ თახჩას გზაზე მუშაობს. დანარჩენი სოფლის გზები კვლავ რთულად გასავლელი რჩება; დაგროვილი თოვლის გამო გზები დავიწროებულია და გაფართოებას საჭიროებს“, — განაცხადეს ახალქალაქის მერიაში.
კვირის განმავლობაში სპეციალური ტექნიკა გზების გაწმენდით სამუშაოებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში აგრძელებდა.