აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ დღეს არსებული საქართველოს დერეფნით ტვირთების გადაზიდვა, სულ მალე სომხეთის დერეფანზე გადაინაცვლებს. ამის შესახებ მან დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთმა აზერბაიჯანის გავლით რუსეთში ტვირთების ტრანზიტი მოითხოვა. წერს Report-ი.
ილჰამ ალიევმა შეახსენა დამსწრეებს, რომ აზერბაიჯანმა ყაზახეთიდან და რუსეთიდან სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა.
„ახლა კი ჩვენ მივიღეთ მოთხოვნა სომხური მხარისგან, რათა უზრუნველვყოთ ტრანზიტი სომხეთიდან რუსეთში. ამგვარად, ჩვენი დერეფანი დე ფაქტო ცალმხრივად გავხსენით. დიახ, ახლა გადაზიდვები საქართველოზე გადის, მაგრამ დადგება დღე, როცა ისინი სომხეთის გავლით წავა. და დადგება დღე, როდესაც სომხეთი განახორციელებს პირდაპირ მოწოდებებს აზერბაიჯანიდან, და ეს დღე არც ისე შორს არის“.
მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტს რეგიონი და უახლოესი მეზობლები წარმოადგენენ: „ძალიან მოხარული ვარ, რომ დამოუკიდებლობის წლებში ჩვენ შევძელით ძალიან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობების დამყარება ყველა ჩვენს მეზობელთან, რა თქმა უნდა, სომხეთის გარდა – ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო. მას შემდეგ, რაც დე ფაქტო მშვიდობა დამყარდა, ჩვენ ასევე დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა და საექსპორტო ოპერაციები“.
პანელურ დისკუსიაზე სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰანგ ხაჩატურიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების იმპორტი უკვე განხორციელდა და იმედი გამოხატა, რომ ეს ტვირთები უშუალოდ ამ ორ ქვეყანაზე გაივლის.
„ახლა კი მსურს კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ უნდა დავივიწყოთ წარსული და კონკრეტული პროექტების განხორციელებას უნდა შევუდგეთ. გვჯერა, წარმატებას მივაღწევთ. ჩვენი შეთანხმებები ძალიან კონკრეტულ პრინციპებს ეფუძნება. დიახ, როგორც ქვეყნები, ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და იურისდიქციას. და დიახ, დადგება დღე, როცა ჩვენი საზღვრები გაიხსნება – სულ რამდენიმე წლის წინ პოლიტიკური ნება ჯერ კიდევ არ იყო ასეთ დონეზე… ასევე განხორციელდება ჩვეულებრივი სამუშაო ვიზიტები. ჩვენი რიგითი მოქალაქეები შეძლებენ თავისუფლად გადაკვეთონ საზღვრები და დაამყარონ ურთიერთობები. ჩვენ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს და ამ თანამშრომლობის შედეგად სამხრეთ კავკასია გახდება ძალიან ხელსაყრელი რეგიონი მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ხაჩატურიანმა.
8 აგვისტოს აშშ-ის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით. მათ შორის არის Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP), რომლის მიზანიც ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სომხეთის გავლით აზერბაიჯანის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირება იყო. ეს იგივეა, რასაც აზერბაიჯანი „ზანგეზურის დერეფანს“ უწოდებენ, რაც რეალურად არის გზა, რომლითაც სომხეთის სიუნიქის პროვინცია დააკავშირებს აზერბაიჯანის ექსკლავ ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან. თავის მხრივ ამერიკას “ტრამპის მარშრუტზე” კონტროლი 100 წლით უნდა. აღსანიშნავია, რომ “ტრამპის მარშრუტი” მოიცავს სხვადასხვა ინფრასტრუქტურას რკინიგზას, საავტომობილო გზას და ენერგომილსადენებს.