საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლები ახალქალაქის მე-4 საჯარო სკოლაში ინსპექტირებას ატარებენ. მოკვლევის ფარგლებში ისინი მოსწავლეებს კითხავენ, უწევთ თუ არა მათ სკოლის დალაგება გაკვეთილების დროს ან სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ. მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეხვედრები 21 და 22 იანვარს გაიმართა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ შემოწმება ამ დრომდე გრძელდება, თუმცა დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებენ და აცხადებენ, რომ პროცესის დასრულებამდე ინფორმაცია კონფიდენციალურია.

Jnews-ის ინფორმაციით, შიდა აუდიტის თანამშრომლები სკოლას მანდატურების მიმართვის საფუძველზე ეწვივნენ. მიმართვა ეხებოდა ფაქტს, რომლის მიხედვითაც, მე-4 სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახებს თავად ალაგებენ.

აუდიტის წარმომადგენლები მოსწავლეებს ხვდებიან მშობლების, ფსიქოლოგისა და, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის თანდასწრებით. ბავშვებს ეკითხებიან, ყოფილა თუ არა შემთხვევები, როდესაც მათ სთხოვდნენ საკლასო ოთახების დასუფთავებას, მერხების წყლითა თუ სადეზინფექციო საშუალებებით გაწმენდას და ა.შ.

სკოლის ადმინისტრაციამ Jnews-ის კითხვებს არ უპასუხა და განმარტა, რომ ეს მხოლოდ სკოლის შიდა პროცესია.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ინფორმაციით, ინსპექტირება ახალქალაქში მხოლოდ ამ ერთ სკოლაში მიმდინარეობს.