22 იანვრის, 12:30 საათის მონაცემებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ქარის სიჩქარე 19 კმ/სთ-ს აღწევს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ცნობით, ამ დროისთვის მათ მხოლოდ სოფელ მურჯახეთიდან მიიღეს გზის გახსნის მოთხოვნა, სხვა სოფლებიდან გზის გაწმენდის მოთხოვნები არ შემოსულა. მურჯახეთში უკვე გაიგზავნა გზის გაწმენდის ტექნიკა.

Jnews-ის წყაროების ცნობით, ამ დროისთვის თურქეთის საზღვართან მიმავალი მთავარი გზაც გაუვალია. სოფელ სულდასთან სატვირთო მანქანა თოვლში გაიჭედა. თუმცა, საქართველოს გზების დეპარტამენტმა გვაცნობა, რომ თურქეთის საზღვართან მიმავალ გზაზე მოძრაობის შეზღუდვები არ არის.

გზების დეპარტამენტის ცნობით, ნინოწმინდიდან წალკისა და თბილისის მიმართულებით გზა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის დაკეტილია. ახალქალაქიდან სომხეთის საზღვრამდე (ბავრას გამშვები პუნქტი) გზა გახსნილია. ლარსის მიმართულებით გზის გუდაური-კობის მონაკვეთი ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის ღიაა.