20 იანვარს, 2022 წლის ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე მსჯავრდებული არტურ თერჯანიანის ოჯახი უფლებადამცველ ლუსიანა მინასიანს შეუერთდა ჰელსინკის ადამიანის უფლებათა კომიტეტისადმი გაგზავნილ წერილში. ოჯახი არტურის უვადო პატიმრობის განაჩენის გასაჩივრებას იმედოვნებს და მას უდანაშაულოდ მიიჩნევს.

არტურის მეუღლემ, ჟენია თერჯანიანმა, დახმარების იმედით არაერთ ორგანოს მიმართა, თუმცა, დღემდე, ოჯახისა და მეგობრების გარდა, დახმარება არავისგან მიუღიათ.

„ჩვენ მივმართეთ ლუსიანას, რადგან ვიცოდით, რომ იგი ჩართულია პატიმრების სომხეთში დაბრუნების პროცესში. მოვიძიეთ კონტაქტები და დავუკავშირდით. ერთად მივმართეთ ჰელსინკის ადამიანის უფლებათა კომიტეტს, რადგან იმედი გვაქვს, რომ არტურის მიმართ ჩადენილი უსამართლობა გამოაშკარავდება. გარდა ამისა, ეს არის საერთაშორისო კომისია, რომლის გავლენაც უფრო დიდია, ვიდრე იმ ინსტიტუტების, რომლებსაც მანამდე მივმართეთ. ლუსიანა იურისტია და იცავს იმ ადამიანების უფლებებს, რომლებიც უსამართლობის მსხვერპლნი გახდნენ“, — ამბობს ჟენია.

მანამდე მან სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველსაც მიმართა, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ მიუღია.

ჰელსინკის ადამიანის უფლებათა კომიტეტისადმი გაგზავნილი მიმართვა ხელმოწერილია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „SOAR“-ის სახელით, რომელიც მართლმსაჯულებასა და ადამიანის უფლებებს იცავს.

„არტურ თერჯანიანის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმე, ბრალდების თანახმად, უკავშირდება 2022 წლის 8 ოქტომბერს ყირიმის (ქერჩის) ხიდზე მომხდარ აფეთქებას. ამ მოვლენამ მიიპყრო პოლიტიკური წრეების, მედიისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ყურადღება და შექმნა უკიდურესად სენსიტიური და დაძაბული ატმოსფერო ყველა მომდევნო სასამართლო პროცესის ირგვლივ. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულნი იმით, რომ ამ ფართო კონტექსტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სამართალწარმოების ობიექტურობასა და სამართლიანობაზე. მომხდარის სერიოზულობა და საზოგადოებრივი რეაქციის მასშტაბები ვერ გაამართლებს მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპებიდან ნებისმიერ გადახვევას, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციასა და სავარაუდო პასუხისმგებლობის ინდივიდუალურ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შეფასების უფლებას“.

არტურ თერჯანიანი კატეგორიულად უარყოფს დანაშაულებრივ საქმიანობაში გაცნობიერებულ მონაწილეობას და ამტკიცებს, რომ მას შეგნებულად არანაირი უკანონო ქმედებისთვის ხელი არ შეუწყვია. არსებობს სერიოზული საფუძველი ეჭვისთვის, რომ საქმე ეფუძნება ზოგად ვარაუდებს, ირიბ ინტერპრეტაციებსა და კავშირებზე დაფუძნებულ ბრალდებებს, ნაცვლად მკაფიო, ინდივიდუალური და სარწმუნო მტკიცებულებებისა, რომლებიც დაადასტურებდა განზრახვას ან ინფორმირებულობას.

როგორც სამართლებრივი, ისე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ეს საქმე ბადებს შემაშფოთებელ კითხვებს, მათ შორის:

პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეში უდანაშაულობის პრეზუმფციის შესუსტება;

პირდაპირი მტკიცებულებების ნაცვლად, ირიბ გარემოებებსა თუ ასოციაციურ მსჯელობაზე დაყრდნობა;

ბრალდების მხარის საქმის ცალკეული ელემენტების ეფექტური გასაჩივრების შეზღუდვა;

საქმის ირგვლივ არსებული ძლიერი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ზეწოლის გავლენა.

ეს გარემოებები ბადებს სერიოზულ ეჭვებს საერთაშორისო სამართლიანი სასამართლოსა და ჯეროვანი სამართლებრივი პროცესის სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ნორმების მიმართ, რომლებიც განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლითა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო დოკუმენტებით.

ჩვენი ღრმა პატივისცემით, ვთხოვთ ჰელსინკის კომიტეტს, ჯეროვანი ყურადღება დაუთმოს ამ საქმეს. შესაძლებლობის შემთხვევაში, განახორციელონ მონიტორინგი სასამართლო პროცესზე და შეაფასონ, რამდენად სრულად არის დაცული არტურ თერჯანიანის უფლებები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ მზად ვართ, მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოვადგინოთ საქმესთან დაკავშირებული დამადასტურებელი დოკუმენტაცია და დამატებითი მასალები“, — ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ დონის როსტოვის სამხრეთ ოლქის სამხედრო სასამართლომ, 2022 წლის ოქტომბერში ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების საქმეზე, რვა ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსჯავრდებულთა შორისაა ახალქალაქის მცხოვრები არტურ თერჯანიანი. ყველა მათგანს ბრალი ედებოდა ტერორისტული აქტების ჩადენასა (სსკ-ის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტი) და ასაფეთქებელი ნივთიერებების გადაზიდვაში (სსკ-ის 222.1 მუხლის მე-4 ნაწილი), ხოლო ორ ბრალდებულს — სოლომკოსა და თერჯანიანს — ბრალი ასევე წარედგინათ ასაფეთქებელი ნივთიერებების კონტრაბანდაში (სსკ-ის 226.1 მუხლის მე-3 ნაწილი).

მოსამართლე ვალერი ოპანასენკოს გადაწყვეტილებით:

რომან სოლომკო (ფერმერი ხერსონიდან) — სასჯელის პირველ შვიდ წელს ციხეში გაატარებს, დარჩენილ ნაწილს კი — განსაკუთრებული რეჟიმის გამასწორებელ კოლონიაში. მას ასევე დაეკისრა ჯარიმა 700,000 რუბლის ოდენობით.

ვლადიმერ ზლობა, არტურ თერჯანიანი და არტიომ აზატიანი — ასევე დაჯარიმდნენ 700,000 რუბლით. ისინი სასჯელის პირველ ექვს წელს ციხეში გაატარებენ, ხოლო დარჩენილ დროს — განსაკუთრებული რეჟიმის გამასწორებელ კოლონიაში.

მოცემულ საქმეზე ყველა ბრალდებულმა შეიტანა სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლოში განხილვის თარიღი ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის.