„იაშვილის კლინიკაში მწვავე რესპირატორული ინფექციით 32 ბავშვი იმყოფება. გრიპი კვლავ რჩება დომინანტურ ვირუსად 77%-იანი გავრცელების მაჩვენებლით“, — განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.

მისი თქმით, ბოლო 5-6 კვირის განმავლობაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„გრიპი კვლავ რჩება წამყვან ვირუსად. H3N2 ვირუსს, ე.წ. „ჰონკონგის ვირუსს“, გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს — 72%, მას მოსდევს B ტიპის გრიპის ვირუსი — 4% და სხვა A ტიპის ვირუსები — 1%. რაც მთავარია, გრიპი დომინირებს 77%-იანი წილით. სხვა ვირუსების პროცენტული განაწილება შედარებით დაბალია, მათ შორის არის რინოვირუსი, პარაგრიპი და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი.

ჯერ ნაადრევია იმის თქმა, გადაიარა თუ არა ვირუსის პიკმა. ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში ჰოსპიტალიზაციის ზრდა დაფიქსირდა. ველოდებით, რომ პიკი იანვრის მესამე ან მეოთხე კვირაში იქნება.

იაშვილის კლინიკაში მწვავე რესპირატორული დაზიანებით 32 ბავშვია. წლევანდელი და შარშანდელი მონაცემები გარკვეულწილად იდენტურია, განსხვავება მხოლოდ ადრეულ ზრდასა და გავრცელებაშია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი-ექვსი კვირის განმავლობაში ლაბორატორიულმა კვლევებმა კორონავირუსის შემთხვევები არ დაადასტურა“, — აღნიშნა ჩხაიძემ.