საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 25 820.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.1%-ით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 11.2%-ით გაიზარდა და 7 291.2 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი 9.7%-ით და 18 529.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2025 წელს საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 11 238.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5%-ია.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.8% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (3 107.9 მილიონი აშშ დოლარი), აშშ (2 843.8 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (2 688.5 მილიონი აშშ დოლარი).
რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წელს 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1 498.8 მილიონი აშშ დოლარი), ყაზახეთი (910.0 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (749.3 მილიონი აშშ დოლარი).