როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზურა უჩუმბეგაშვილმა განუცხადა, მწარმოებლებმა კვერცხის ფასი 2-3 თეთრით გაზარდეს. მან ფასის ზრდა მარცვლეულის ფასების ზრდას მიაწერა.
„დაახლოებით ოქტომბერში გავრცელდქ მოსაზრება, რომ ახალი წლიდან კვერცხზე ფასების მატება იყო მოსალოდნელი. ჩვენ პროდუქციაზე ფასის გაზრდას იანვრის მეორე ნახევრიდან ვგეგმავდით. თუმცა, ქვეყანაში კვერცხის მწარმოებელი რამდენიმე ათეული ფაბრიკაა და ყველას არ აქვს ერთნაირი რესურსი. ამიტომ, ზოგმა ფასი სადღაც 5-6 იანვარს მოუმატა, ზოგმა — 10 იანვარს. ისე გამოვიდა, რომ ზოგმა ფასი უფრო ადრე გაზარდა, ზოგმა — უფრო გვიან.
მიუხედავად ამისა, ფაქტი ფაქტად რჩება: ფასი გაიზარდა. ფაქტობრივად, ყველა ფაბრიკამ ფასი 2-3 თეთრით მოუმატა. ეს ძირითადად მარცვლეულის ფასმა განაპირობა. თუ დინამიკას შევხედავთ, 2024 წელს მარცვლეული 20-25%-ით უფრო იაფი ღირდა, ვიდრე 2025 წელს. მარცვლეულზე კი კვერცხის ღირებულების 65-70% მოდის“.
ამ ეტაპზე ფასების შემდგომი ზრდა მოსალოდნელი არ არის. თუმცა, ჩვენ ორ ფაქტორზე ვართ დამოკიდებული. პირველ რიგში, ლარის კურსი მკვეთრად არ უნდა მერყეობდეს. მცირე მერყეობა გაზრდილ ფასში უკვე გათვალისწინებულია.
ამავდროულად, მკვეთრად არ უნდა გაიზარდოს მარცვლეულის ფასიც. პირობითად, თუ დღეს ის 80 თეთრი ღირს, ხვალ ერთ ლარს არ უნდა გადააჭარბოს. თუ ასე გაგრძელდება, არსებული ფასი მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდება“, — განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.