საქართველოს პროდასავლურ მომავალსა და აშშ-თან ურთიერთობებზე საუბრისას, საქართველო ვერ დარჩება „ტრიპის“ პროექტებისა და შესაბამისი კორიდორის მიღმა, – ამის შესახებ ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის დამფუძნებელმა გიორგი ლაბაძემ გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა.
ლაბაძის თქმით, ბოლო პერიოდში ნათლად გამოჩნდა შეერთებული შტატების პირდაპირი დაინტერესება აღნიშნული ინიციატივის მიმართ, რაც გამოიხატა როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ვიზიტით თბილისსა და სომხეთის საზღვართან, ასევე კონკრეტული გზავნილებით „ტრიპის“ პროექტთან დაკავშირებით.
„იყო მკაფიო მითითება, რომ როგორღაც კარგი იქნება, თუ საქართველო ამ პროცესს შეუერთდება. როგორ და რა ფორმით მოხდება ეს, ცალკე საკითხია, თუმცა საქართველოს აქვს გამოცდილება და ინფრასტრუქტურული წარსული, რომელიც საშუალებას აძლევს ქვეყანას ამ პროექტს დაუკავშირდეს“, – განაცხადა ლაბაძემ.
მისივე შეფასებით, ალტერნატიული გზების გაჩენა და საქართველოს სრული ამოვარდნა „ტრიპის“ მონაკვეთიდან, ან საერთოდ პროცესის მიღმა დარჩენა, სერიოზულ ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკას, არამედ მის გეოპოლიტიკურ ფუნქციასაც.
„თუ საქართველო ამ პროექტის ნაწილი არ იქნება, ძალიან რთული გახდება კითხვა – რა ინტერესები შეიძლება დარჩეს დასავლეთს საქართველოს მიმართ“, – აღნიშნა ლაბაძემ.
გიორგი ლაბაძე ასევე შეეხო ცენტრალური აზიის მიმართულებას, სადაც, მისი თქმით, აშშ-მა უკვე დააფიქსირა მნიშვნელოვანი ინტერესი და რაც პირდაპირ კავშირშია „ტრიპის“ ინიციატივასთან. მისი შეფასებით, დღეს ისეთივე შესაძლებლობების ფანჯარაა გახსნილი, როგორიც 20-30 წლის წინ იყო, როდესაც ენერგეტიკული დერეფნები საქართველოს გავლით ვითარდებოდა.
„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე რეალურად ვერ ვხედავთ საქართველოს ამ პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას შეუძლია, სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, რეგიონულ კონტექსტში მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოს, პოლიტიკური ფაქტორების გამო ეს შესაძლებლობა არ გამოიყენება“, – განაცხადა მან.
ლაბაძის თქმით, ბაქოდან საქართველოს პორტებამდე არსებული სატრანზიტო გზა უკვე წარმოადგენს საფუძველს, რომელიც „ტრიპში“ მონაწილეობის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ამ ეტაპზე საქართველო პროცესიდან გამორიცხულია და პარალელურად ალტერნატიულ მარშრუტებზე მუშაობა მიმდინარეობს.
“ვფიქრობ, ის გზა, რომელიც უკვე გადის საქართველოზე (ბაქოდან ჩვენს პორტებამდე), წარმოადგენს სასაუბრო საფუძველს და „ტრიპში“ მონაწილეობის საშუალებას. შესაძლოა დატვირთვა გაიზარდოს, თუმცა ჩვენ მაინც გამორიცხულები ვართ ამ პროცესიდან. ამჟამად ალტერნატივებზე მუშაობა მიმდინარეობს, რასაც მე სამწუხაროდ, არასწორ ნაბიჯებს დავაბრალებდი”, – თქვა ლაბაძემ.
TRIPP აშშ-სა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ერთობლივი შეთანხმებაა, რომლის მიზანიც სომხეთის სამხრეთ ნაწილში მარშრუტის შექმნაა. აღნიშნული მარშრუტი აზერბაიჯანს შეუფერხებელ კომერციულ წვდომას მიანიჭებს ნახიჩევანთან.