საცხოვრებელ სახლებში გაზის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად და ავარიების რისკის შესამცირებლად, გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC მოსახლეობას გაზის დეტექტორების (სიგნალიზატორების) დამონტაჟებას ურჩევს. გაჟონვის შემთხვევაში, ეს მოწყობილობები ავტომატურად თიშავენ გაზის მიწოდებას. მათი დამონტაჟება ხდება აბონენტების მოთხოვნით და მომსახურება ფასიანია. ასევე, მნიშვნელოვანია სავენტილაციო ღიობების არსებობა და მათი არდახშობა.

იანვარში, ახალქალაქის სოფელ კუმურდოში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზის გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია. სახლის მაცხოვრებეი გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები რამდენიმე დღის განმავლობაში იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ახალქალაქში მსგავსი შემთხვევები პერიოდულად ხდება. კომპანია SJGC, აფეთქების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების გამო, ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით დეტალებს არ აქვეყნებს. თუმცა, კომპანიაში განმარტავენ, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ მცხოვრებლებმა გაზის გაჟონვისა და მისგან გამომდინარე შედეგების თავიდან ასაცილებლად.

გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC-ის დირექტორის, ვრეჟ ბერიკიანის თქმით, გაზის გაჟონვისა და მასთან დაკავშირებული ავარიების პრევენციისთვის რეკომენდებულია სახლებში გაზის დეტექტორების დაყენება. ისინი უფასო არ არის – ავტომატური მოწყობილობის ფასი 130 ლარიდან იწყება და იზრდება ხარისხის მიხედვით.

ვრეჟ ბერიკიანის განმარტებით, დამონტაჟებისთვის საჭიროა განცხადების წარდგენა, რის შემდეგაც კომპანია 10 დღის ვადაში დაამონტაჟებს დეტექტორს.

როდესაც გაზის სუნი ფიქსირდება, დეტექტორი ავტომატურად კეტავს სარქველს, რითაც წყვეტს გაზის ნაკადის მიწოდებას ოთახში ან სახლში“, — აღნიშნავს ვრეჟ ბერიკიანი.

უმეტეს შემთხვევაში, გაზის გაჟონვით გამოწვეული უბედური შემთხვევები უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგია. ვრეჟ ბერიკიანი მცხოვრებლებს ურჩევს, არ დაახშონ სავენტილაციო ღიობები და უზრუნველყონ ნორმალური ვენტილაცია.

„გაზის უსაფრთხო გამოყენება აბონენტის პასუხისმგებლობაა. ისინი პირველები გრძნობენ და ამჩნევენ გაზის გაჟონვას. მე ვურჩევ მათ, დაამონტაჟონ სასიგნალო მოწყობილობები, დიდი ყურადღება მიაქციონ ვენტილაციას, არ დაახშონ იგი და სწორად გამოიყენონ გაზის ხელსაწყოები“, — ხაზგასმით აღნიშნავს SJGC-ის დირექტორი.