ინიციატივა „ჯან ჩემო ჯავახეთო“ აცხადებს რეგისტრაციას ჯავახეთში მცხოვრები 13-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის. აკადემიას მიღების სპეციალური კრიტერიუმები აქვს: აპლიკანტები ჯერ შერჩევის ეტაპს გაივლიან, რის შემდეგაც მათთან მუშაობის პროცესი დაიწყება.
ახალქალაქელი აქტიური ახალგაზრდები არ წყვეტენ ახალი ინიციატივების წარდგენას და აგრძელებენ ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებას არსებული შესაძლებლობების ფარგლებში.
სწორედ ასეთი აქტიური ახალგაზრდების მიერ ჩამოყალიბდა ინიციატივა „ჯან ჩემო ჯავახეთო“, როგორც იდეოლოგიური პლატფორმა. მისი ძირითადი მიზანია ახალგაზრდების გაერთიანება და განვითარება, მათთვის სხვადასხვა გარემოში ახალი შესაძლებლობების შექმნა და ჰორიზონტების გაფართოება. ამასთანავე, პროექტი მიზნად ისახავს კულტურის შენარჩუნებასა და ჯავახეთის განვითარების ხელშეწყობას.
ერთ-ერთი ორგანიზატორის, ქრისტინე კარაპეტიანის თქმით, აკადემიაში მიღების სპეციალური კრიტერიუმები მოქმედებს: აპლიკანტები გადიან შერჩევის ეტაპს, რის შემდეგაც მათთან მიზნობრივი მუშაობა იწყება. მონაწილეები შეისწავლიან როგორც პიროვნულ (soft), ისე პროფესიულ (hard) უნარებს.
„პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, კავშირი დაამყარონ სხვადასხვა სფეროს საუკეთესო სპეციალისტებთან, მიიღონ პროფესიული ცოდნა და კონსულტაციები. ჩვენ მათ მენტორებს ვუწოდებთ. მენტორები გვყავს სხვადასხვა ქვეყნიდან: კანადიდან, ესპანეთიდან, აშშ-დან. კომუნიკაცია ხორციელდება სომხურ ენაზე. მენტორები მონაწილეებთან ერთად მუშაობენ პროფესიული უნარების განვითარებაზე, ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებაზე, იდენტობის მნიშვნელობის გაცნობიერებაზე, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უწევენ მათ მეგზურობასა და ორიენტირებას,“ — ამბობს ქრისტინე კარაპეტიანი.
ციფრული ინსტრუმენტების გაცნობის შემდეგ, მონაწილეებს ეძლევათ დავალებები მიღებული ცოდნის განსამტკიცებლად. პროგრამა ასევე მოიცავს ემოციური ინტელექტის მართვას, ფსიქოლოგიასა და მედიაწიგნიერებას; ეს საკითხები არა მხოლოდ შეისწავლება, არამედ პრაქტიკულად გამოიყენება გუნდური მუშაობის პროცესში.
„აკადემიის საერთო პროგრამა ორი თვე გაგრძელდება. მონაწილეები დაიყოფიან სამ ჯგუფად, სადაც უფროსი მეგობრები გაუწევენ მეგზურობას და დაეხმარებიან სწავლის პროცესში. პასიური მონაწილეები პროგრამას გამოეთიშებიან, ხოლო ისინი, ვინც კურსს ბოლომდე დაასრულებენ, მიიღებენ სერტიფიკატებს, ასევე შესაძლებლობას, თავიანთი უნარების გათვალისწინებით, სამომავლოდ ჩაერთონ სხვა პროექტებში. პროგრამის დასასრულს დაგეგმილია შემაჯამებელი ღონისძიება დიდ ფორმატში.“
განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია 13-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის. რეგისტრაციისთვის მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ Instagram-ის გვერდს: jan.im.javakhk.
დღეისათვის „ჯან იმ ჯავახქ“-ი მოხალისეობრივ საწყისებზე 8 ძირითად პროგრამას ახორციელებს, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ საგანმანათლებლო, ორგანიზაციულ და თემზე დაფუძნებულ პროცესებში. მოხალისეებს საშუალება აქვთ: დაესწრონ არავირტუალურ (ოფლაინ) შეხვედრებს, მუდმივად იყვნენ ინფორმირებულები ინიციატივის სიახლეების შესახებ, ჩაერთონ რესურსების მართვასა და პროექტების განხორციელებაში.
შეგახსენებთ, რომ ინიციატივა „ჯან იმ ჯავახქ“ 2023 წელს შეიქმნა. მისი მიზანია ჯავახეთში მცხოვრები სომეხი ადამიანის იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და თემური ერთობის შენარჩუნება, გაძლიერება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.
ინიციატივის ფარგლებში უკვე განხორციელდა:
13 პროფესიული სემინარი სხვადასხვა დასახლებასა და თემატურ სფეროში;
3 შემეცნებითი ლაშქრობა ისტორიულ-კულტურულ ადგილებში;
3 ეროვნული ცეკვის შეკრება კულტურული ფასეულობების გაცოცხლების მიზნით;
2 მსხვილი ფორუმი, რომლებშიც 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ავტორი ჰნაზიკ ავეტისიან