ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს საქართველომ ევროპის დაახლოებით 30 ქვეყანაში 38.7 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა ექსპორტზე, რაც 7%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს.

სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 11.5 მილიონი ლიტრი ღვინო, რაც 2%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.

გასულ წელს ევროპულ ქვეყნებს შორის ქართული ღვინის ყველაზე დიდი იმპორტიორი პოლონეთი იყო — იქ 6.8 მილიონი ლიტრი ღვინო გაიგზავნა.

მეორე ადგილზეა გერმანია 1.3 მილიონი ლიტრით, მას მოსდევს ლატვია — 1.2 მილიონი ლიტრით. ლიეტუვაში ექსპორტირებული იყო 703,500 ლიტრი, დიდ ბრიტანეთში — 327,700 ლიტრი, ხოლო ესტონეთში — 271,000 ლიტრი ღვინო.

განსაკუთრებით თვალსაჩინოა ექსპორტის ზრდა საფრანგეთში, რომელიც თავადაა ცნობილი მეღვინეობით. საფრანგეთში ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა სტაბილურად იზრდება: 2025 წელს ექსპორტირებული იყო დაახლოებით 133,000 ლიტრი (63%-იანი ზრდა).

ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა.

ევროპულ ქვეყნებს შორის ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებია დიდი ბრიტანეთი, გერმანია და პოლონეთი, ასევე სკანდინავიის ქვეყნები, სადაც სააგენტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებს ატარებს. სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ ევროპაში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყველა მსხვილ საერთაშორისო გამოფენაში.

ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წელს მარკეტინგული საქმიანობისთვის 17.4 მილიონი ლარი გამოყო, რაც 8.7%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.