15 იანვრიდან, როგორც მთელ საქართველოში, ისე ახალქალაქის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. სადღესასწაულო დღეებში ბავშვების ყოველდღიური რეჟიმი მნიშვნელოვნად იცვლება, რის გამოც ბევრისთვის არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესს დაბრუნება რთულია. საწყის ეტაპზე ბავშვები შეიძლება იყვნენ უფრო გაფანტულები, შესაძლოა შემცირდეს გაკვეთილებისადმი ინტერესი და დასუსტდეს სწავლის მოტივაცია.
Jnews-მა ესაუბრა განათლების სისტემის ექსპერტს- ვარდუი კურღინიანს, რათა გაერკვია ამ პრობლემის მიზეზები და მათი თავიდან აცილების შესაძლო გზები.
ვარდუი კურღინიანის თქმით, პრობლემა არა თავად არდადეგებში ან სწავლის განახლებაშია, არამედ განათლების სისტემის ზოგად მიდგომებში.
„სასწავლო პროცესში დაბრუნება, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის მოტივაციასთან არის დაკავშირებული. მეორე – ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რას აძლევს მას სკოლა, ხოლო მესამე – ეს ყველაფერი ყალიბდება სწორედ სკოლაში და მასწავლებლის მეშვეობით“, -აღნიშნავს ის.
ექსპერტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს თვითკონტროლისა და თვითმართვის მეთოდების გამოყენებას, რაც ადრეული ასაკიდანვე უნდა ჩამოყალიბდეს მშობლის, მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივი მუშაობის შედეგად.
განათლების ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ბავშვმა სკოლა არ უნდა აღიქვას, როგორც თავისუფლების შეზღუდვა.
„ჩვენთან სკოლა ხშირად ასოცირდება სიმკაცრესთან, დისციპლინასა და იძულებასთან. ბავშვმა სკოლა უნდა დაინახოს, როგორც ადგილი, სადაც ის იღებს იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც მას დღეს და მომავალში დასჭირდება. სამწუხაროდ, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ეს აღქმა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული არც მოსწავლეებში და არც ბევრ მასწავლებელში“, — ამბობს კურღინიანი.
თვითმართვის მეთოდი ყველაზე ეფექტურია საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის. პატარა ასაკში ბავშვები ძირითადად მშობლების მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან, რის შედეგადაც ეჩვევიან იმას, რომ მათ მართავენ და არა იმას, რომ თავად მართონ საკუთარი დრო და მოვალეობები.
„როდესაც ბავშვს მუდმივად ძალდატანებით აიძულებენ მეცადინეობას, არდადეგები მისთვის სრულ თავისუფლებად იქცევა. ასეთ შემთხვევაში, სწავლასთან დაბრუნება მორიგ შეზღუდვად აღიქმება“, – აღნიშნავს ექსპერტი.
მისი თქმით, მშობლებმა ბავშვებს კი არ უნდა აიძულონ, არამედ უნდა აუხსნან, თუ რატომ არის სწავლა მნიშვნელოვანი, რა მიზანი აქვს მას და მოტივაცია მისცენ საკუთარი მიზნების მისაღწევად. ამისთვის არსებობს მეთოდები, რომლებიც სულაც არ არის აუცილებელი, რომ მკაცრი იყოს.
„სკოლა სწორედ იმისთვისაა, რომ ბავშვმა სასწავლო მასალა მთლიანობაში აღიქვას სხვადასხვა — ვიზუალური, სმენითი, ზეპირი და წერითი მეთოდების გამოყენებით. თუ ბავშვმა გაიგო მასალის არსი, მას ის აღარ დაავიწყდება, მიუხედავად იმისა, არდადეგები 15 დღე გაგრძელდა თუ სამი თვე“, — ხაზგასმით აღნიშნავს განათლების ექსპერტი ვარდუი კურღინიანი.
თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების თანახმად, მნიშვნელოვანია არა „შეცდომა-სწორის“ მკაცრი კონტროლი, არამედ აზრისა და მიზნის განმარტება, რაც აყალიბებს შინაგან მოტივაციას.
ექსპერტი ასევე დარწმუნებულია, რომ ტელეფონების, თამაშებისა და ინტერნეტის სრული აკრძალვა საპირისპირო შედეგს იძლევა.
„როდესაც რაღაც იკრძალება, მის მიმართ ინტერესი მხოლოდ იზრდება. თუ ტელეფონი ზომიერად იქნება გამოყენებული სასწავლო პროცესშიც, არდადეგების დროს ის აღარ იქნება „თავისუფლების“ ერთადერთი საშუალება“, -ამატებს ის.
კურღინიანის თქმით, განათლების სისტემა ინოვაციების გვერდით უნდა ნაბიჯობდეს და არ უნდა ცდილობდეს ბავშვების ხელოვნურად მოწყვეტას ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტისგან.
ის ასევე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ დაძაბულობა ბავშვისგან დიდ ენერგიას მოითხოვს, ამიტომ მნიშვნელოვანია მას მაქსიმალურად ავარიდოთ თავი. არსებობს მარტივი ხერხებიც, რომლებიც გვეხმარება ენერგიის დაზოგვასა და დროის ეფექტურ მართვაში.
პროდუქტიული დღის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საუზმეა. გარდა იმისა, რომ ის ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებით ამარაგებს, საუზმე ხელს უწყობს ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას და თავიდან აცილებს გვერდის არეში წარმოქმნილ ტკივილებს.
როგორც წესი, ის მოსწავლეები, რომლებიც არ საუზმობენ, სკოლიდან დაბრუნების შემდეგ სწრაფ კვებას (fast food) მიმართავენ, რის შედეგადაც ორგანიზმი დიდ ენერგიას ხარჯავს საკვების მონელებაზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, განსაკუთრებით 16:00–17:00 საათების პერიოდში.
ენერგიის დასაზოგად რეკომენდებულია, რომ ბავშვმა მეცადინეობისას გამოიყენოს ყვითელი ან თბილი განათების მქონე ოთახი.
ავტორი ჰნაზიკ ავეტისიან