ახალქალაქში ქორწილების ყველაზე აქტიური პერიოდია. ქალაქის ყველა სადღესასწაულო დარბაზი დაკავებულია. Jnews-მა დაინტერესდა, კონტროლდება თუ არა ქორწილების დროს დახურულ სივრცეებში თამბაქოს მოხმარება.
ჯავახეთში ქორწილების სადღესასწაულო ატმოსფერო ხშირად „ირღვევა“, რადგან ერთი საათის გასვლის შემდეგ დარბაზები სიგარეტის კვამლით ივსება. ქორწილებს ბავშვებიც ესწრებიან, თუმცა ესეც კი არ აჩერებს სტუმრებს, რომ პირველი კერძის მორთმევამდე გარეთ გავიდნენ მოსაწევად, რის შემდეგაც უმეტესობა აღარ იძვრება და მოწევას დახურულ სივრცეში, პირდაპირ მაგიდასთან იწყებს.
Jnews შეეცადა გაერკვია, როგორია ამ კანონის აღსრულების მდგომარეობა დღეს, ხორციელდება თუ არა კონტროლი და გამოიყენება თუ არა ჯარიმები.
სადღესასწაულო დარბაზების მფლობელებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, რომ დარბაზების შიგნით საფერფლეებს არ იყენებენ, ხოლო მოსაწევად განკუთვნილია აივნები. თუმცა, მათ ასევე ხაზი გაუსვეს, რომ ნასვამ ადამიანებთან კამათში ვერ შედიან.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, სირანუშ ტონაკანიანის თქმით, 2025 წლის შუა პერიოდამდე დახურულ სივრცეებში მოწევის შემთხვევები აქტიურად კონტროლდებოდა და ჯარიმდებოდნენ როგორც მწეველები, ისე დაწესებულების მფლობელები. მფლობელებზე 5 000-დან 10 000 ლარამდე ოდენობის ჯარიმები დაიწერა.
„2025 წლის შუა პერიოდიდან კონტროლის პროგრამა შეჩერდა. მანამდე მონიტორინგი აქტიური იყო, ხოლო მიმდინარე წლისთვის რაიმე ახალი პროგრამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. ჩვენ ჯარიმებს არ ვაწესებდით, მხოლოდ ვაფრთხილებდით მფლობელებს, განმეორებითი დარღვევების შემთხვევაში კი ჯარიმები თბილისიდან გამოიწერებოდა. პროგრამა ეფექტური იყო, თუმცა ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია, ამოქმედდება თუ არა ის მიმდინარე წელს“, — ამბობს სირანუშ ტონაკანიანი.
დადებით მაგალითებს შორისაა სოფელ კარტიკამის სადღესასწაულო დარბაზი, სადაც ქორწილის მსვლელობისას შეინიშნებოდა, რომ დამსწრეები დარბაზის შიგნით არ ეწეოდნენ.
ახალქალაქის მცხოვრები მარინა მარაბიანი აღნიშნავს, რომ უკვე 4–5 წელია ფარინგიტის კვალი აქვს და თამბაქოს კვამლის სუნს ვერ იტანს.
„ყოველთვის ვერიდები თამბაქოს კვამლს, ქორწილებში დიდხანს არ ვჩერდები, ჩემზე ძალიან მოქმედებს, მახველებს, ჰაერი არ მყოფნის. დარბაზიდან სიგარეტის სუნის გარეშე გამოსვლა შეუძლებელია — ტანსაცმელსა და თმაზე კვამლის სუნი ისე გდის, თითქოს შენ მოწიე“, — ამბობს მარინა და დასძენს, რომ კვამლისგან იხრჩობა და თავს შეუძლოდ გრძნობს.
ის ასევე ხაზს უსვამს ბავშვების თანდასწრებით მოწევის მავნე გავლენას:
„ბავშვები იმას სწავლობენ, რასაც უფროსებისგან ხედავენ. ამიტომ, მათი თანდასწრებით მოწევა არ შეიძლება“, — ასკვნის იგი.
რესპირატორული დაავადებები, კერძოდ ფარინგიტი და ბრონქიტის სხვადასხვა ფორმები, საკმაოდ გავრცელებულია ქალებში. ბევრი ქალი აღნიშნავს, რომ დახურულ სივრცეებში მოწევა მნიშვნელოვნად ამწვავებს მათ ჯანმრთელობის პრობლემებს. ეს რეალობაც უნდა იყოს გათვალისწინებული თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის შესახებ კანონის აღსრულებისა და კონტროლის დროს, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ღონისძიებების მსვლელობისას.
შეგახსენებთ, რომ თამბაქოს კვამლი შეიცავს 7000-ზე მეტ საშიშ ქიმიურ ნაერთსა და ელემენტს, მათ შორის: ბენზოლს, ამიაკს, ტყვიას, წყალბადის ციანიდს, ფორმალდეჰიდსა და სხვა ნივთიერებებს.
2018 წლის 1 მაისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია ნებისმიერი სახის თამბაქოს მოწევა. აკრძალვა ასევე ეხება ელექტრონულ სიგარეტებსა და გასახურებელ თამბაქოს ნაწარმს. კერძოდ: პირველ ჯერზე ჯარიმა შეადგენს 50 ლარს, მეორე ჯერზე — 100 ლარს, ხოლო ამის შემდეგ, ყოველ მომდევნო შემთხვევაში — 200 ლარს (ერთი წლის განმავლობაში). ასევე, დაწესებულება, რომელიც არ მოითხოვს მოწევის შეწყვეტას, დაჯარიმდება: პირველ ჯერზე — 500 ლარით, მეორე ჯერზე — 1 000 ლარით, ხოლო ყოველ მომდევნო შემთხვევაში — 2 000 ლარით (ერთი წლის განმავლობაში).
თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის შესახებ კანონს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
ავტორი ჰნაზიკ ავეტისიან