მთავრობამ ADP-ის წევრ TAV Airports თბილისის აეროპორტის მართვის ხელშეკრულება 5 წლით 2031 წლამდე გაუხანგრძლივა. მხარეების თქმით, ხელშეკრულების ფარგლებში აეროპორტის გაფართოებისთვის ინვესტიცია 150 მლნ აშშ დოლარი იქნება.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა და „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურული გაფართოებისა და ოპერაციული განვითარების ძირითად ასპექტებს განსაზღვრავს, რაც 2031 წელს, ახალი საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედებამდე, ოპერირების განახლებული პირობებითა და გაუმჯობესებული მიდგომებით გაგრძელებას ითვალისწინებს.
“ოცნების” მთავრობაში ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შეიცვლება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შორის არსებული კომერციული პირობებიც და სახელმწიფო კომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამჯერ უფრო მეტად გაზრდილ შემოსავალს მიიღებს.
მთავრობის ინფორმაციით, 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5.4 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
ამასთან, მთავრობა კვლავ გეგმავს თბილისში, ვაზიანში ახალი აეროპორტის პროექტის განვითარებას, რომელიც არსებული პროექტით 2031 წლიდან უნდა შევიდეს ოპერირებაში და მან წლიურად 20 მილიონი მგზავრის მომსახურება უნდა შეძლოს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იურიდიულად სახელმწიფო კომპანიის – “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” საკუთრებაშია, ხოლო “ტავ ურბან ჯორჯია” საკონცესიო შეთანხმების შესაბამისად აეროპორტის ოპერატორია. 2024 წელს “ტავ ურბან ჯორჯიას”, ანუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემოსავალი 341.4 მილიონი ლარი, მოგება კი 184.2 მილიონი ლარი იყო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სალიცენზიო ხელშეკრულების შესაბამისად, საერთაშორისო რეისზე თითოეულ მგზავრზე გამგზავრების მომსახურებიდან $25-ის შემოსავალს იღებს.