საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ საქართველოს წყვილთა ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატის პირველი ოქროს მედალი მოუტანეს. მოციგურავეებმა გამარჯვება ხუთშაბათს, შეფილდში (დიდი ბრიტანეთი), “უტილიტა არენაზე” გამართულ ფინალში მოიპოვეს.

მეტელკინასა და ბერულავას ანგარიშზე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები უკვე ჰქონდათ, ამჯერად კი კოლექცია ოქროთი შეავსეს და საქართველოს წყვილთა ციგურაობაში ევროპის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანეს.

წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ყველაზე მაღალი, 139.8 ქულა მოიპოვა, ჯამში კი ჩემპიონატი 215.76 ქულით დახურა.

“აღფრთოვანებულები ვართ დღევანდელი ოქროს მედლით. ეს საოცარი დღეა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციისა და საქართველოსთვის”, – განაცხადა ბერულავამ.

“ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი და ბრინჯაო გვქონდა, ახლა კი, როგორც იქნა, ოქრო მოვიპოვეთ. ოლიმპიური თამაშებისთვის ჩვეულ რეჟიმში მოვემზადებით. ოლიმპიადა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ გავჩერდები, სანამ ოლიმპიურ ოქროს არ ავიღებ. იმედი მაქვს, ლუკასთან ერთად ამას მივაღწევ და ოლიმპიადაზეც ისეთივე შედეგი გვექნება, როგორიც ამ ევროპის ჩემპიონატზე”, – აღნიშნა მეტელკინამ.

ვერცხლის მედალი მოქმედმა ჩემპიონებმა, გერმანიის წარმომადგენლებმა მინერვა ჰაზემ და ნიკიტა ვოლოდინმა მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო უნგრელ წყვილს, მარია პავლოვასა და ალექსეი სვიატჩენკოს ერგოთ. ეს უნგრეთისთვის ამ დისციპლინაში 1957 წლის შემდეგ მოპოვებული პირველი მედალია.

პირველ ადგილზე დაასრულა ევროპის ჩემპიონატის მოკლე პროგრამა მამაკაცთა შორის ნიკა ეგაძემაც. იგი თავისუფალი პროგრამით 17 იანვარს იასპარეზებს.