გადამზიდავი კომპანიები საჰაერო გადაზიდვებში კლებაზე საუბრობენ – ამბობენ, რომ 2025 წელი ზრდით კი დაიხურა, თუმცა ეს ძირითადად სახმელეთო და სარკინიგზო გადაზიდვების ხარჯზე მოხდა.
SKYLOG-ის მმართველი პარტნიორი გიორგი ზუმბაძე BM.GE-თან ამბობს, რომ ჩარტერებზე მოთხოვნის შემცირება TEMU-ს ეფექტის შენელებამ განაპირობა და იმან, რომ ჩინური პლატფორმა გადაზვიდვებს უკვე თავად უზრუნველყოფს. რის გამოც მისი თქმით, ადგილობრივი გადამზიდავები თამაშგარე მდგომარეობაში არიან. მისი შეფასებით, 2026 წელს ქართული ავიაკომპანიები საჰაერო გადაზიდვების კუთხით მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ელოდონ.
“საჰაერო გადაზიდვებში ჩვენთან და საგრძნობი კლება იყო, რასაც თავისი მიზეზები აქვს. 2025 წელი დიდი საჰაერო გადაზიდვების აქტივობებით არ გამოირჩეოდა, საერთოდ მთელ მსოფლიოში იყო კლება.
თუმცა საჰაეროს ფონზე მაგალითად, სახმელეთო გადაზიდვებში ზრდა 100%-იანი გვქონდა. ასევე სარკინიგზოშიც იყო ზრდა და საზღვაოშიც, რის ხარჯზეც გადაზიდული ტვირთის რაოდენობა 2025-ში რაოდენობრივად გაცილებით მეტი იყო ვიდრე 2024-ში.
TEMU-ს მუშაობის პრინციპი ცოტა განსხვავებულია. ჩინელი აგენტების საშუალებით ჩააქვს თვითონ იმ ქვეყნებამდე ამანათები, სადაც იგზავნება. ასევე არის საქართველო და სომხეთი.
ეს საჰაერო გადაზიდვები ქართულ სატრანსპორტო კომპანიებს მოაკლდა, რადგან ამის განხორციელება საქართველომდე თვითონ ჩინელებმა დაიწყეს. როგორც ქართული ავიაკომპანიების ასევე ჩინური სატვირთო თვითმფრინავებით. ასე რომ ზოგადად, საქართველოში შეიძლება საჰაერო გადაზიდვებში ზრდა იყოს, მაგრამ ქართული კომპანიები ამის მიღმა აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ თვითონ უდიდესი ნაწილი ჩინური ტვირთის თვითონ ჩინელების მიერ დაფრახტული თვითმფრინავებით არის გადმოზიდული”, – ამბობს SKYLOG-ის მმართველი პარტნიორი გიორგი ზუმბაძე.