კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ComCom-მა ფიქსირებული ინტერნეტის ხარისხის შესასწავლად რამდენიმე კვლევა ჩაატარა. შედეგებმა აჩვენა, რომ ბევრ შემთხვევაში მომხმარებლები პროვაიდერთან შეთანხმებულ სიჩქარეს ვერ იღებენ – თუმცა პრობლემა ყოველთვის ქსელში არ არის.

ComCom-ის ტექნიკურმა ჯგუფმა 50 აბონენტის ინტერნეტი 24 საათის განმავლობაში შეამოწმა და დაადგინა, რომ ინტერნეტი ბინამდე სწორად მიეწოდებოდა. შეფერხება კი ხშირად თავად მომხმარებლის სახლში, კერძოდ – Wi-Fi როუტერზე წარმოიშობა.

რა აჩვენა კვლევამ
კომისიამ როუტერების ტესტირება სპეციალურ ლაბორატორიაში ჩაატარა. შედეგების მიხედვით, იმ აბონენტების 26%-ს, რომლებიც პროვაიდერებისგან მიღებულ უფასო როუტერებს იყენებდნენ, ინტერნეტის სიჩქარე ხელშეკრულებით განსაზღვრულს ვერ აღწევდა. მთავარი მიზეზი იყო როუტერის მოძველებული ან სუსტი ტექნიკური მახასიათებლები.

რა უშლის ხელს Wi-Fi-ს მუშაობას
კვლევამ რამდენიმე მთავარი ფაქტორი გამოკვეთა:

როუტერის თაობა — ძველი მოდელები მაღალსიჩქარიან ინტერნეტს ვერ უზრუნველყოფენ. დღეს მინიმალურ სტანდარტად მეხუთე თაობის როუტერი ითვლება.
განთავსება — ბეტონის კედლები, კარები და საოჯახო ტექნიკა სიგნალს ასუსტებს. როუტერი რეკომენდებულია ბინის ცენტრში იყოს განთავსებული და არა კარადაში ან ნესტიან სივრცეში.
ანტენების პოზიცია — შიდა ანტენების მქონე როუტერი სწორად უნდა იყოს მიმართული.
დაკავშირებული მოწყობილობების რაოდენობა — რაც მეტი მომხმარებელია ერთ ქსელზე, მით ნაკლები სიჩქარე რჩება თითოეულისთვის.
სიხშირის შეუსაბამობა — ტელეფონი, ლეპტოპი ან ტელევიზორი უნდა უჭერდეს მხარს იმავე სიხშირეს, რასაც როუტერი იყენებს.
სიგნალის გადაფარვა — ახლოს მდგომმა სხვა როუტერებმა ან რადიომოწყობილობებმა შეიძლება ქსელი დააზიანოს.
wifi.comcom.ge – როუტერის შემოწმების მარტივი პლატფორმა
ინტერნეტის ხარისხის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, შეიქმნა პლატფორმა – wifi.comcom.ge. პლატფორმის მეშვეობით, მომხმარებელი შეძლებს მარტივად გაზომოს Wi-Fi როუტერის მიერ მიწოდებული ინტერნეტის სიჩქარე. ამასთან, ვებ-გვერდზე განთავსებულია ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარესა და ხარისხზე მოქმედი ფაქტორების შესახებ.

როგორ გამოვიყენოთ პლატფორმა?
იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტის პრობლემა გაქვთ, შეგიძლიათ ეწვიოთ wifi.comcom.ge-ს და მარტივად შეამოწმოთ ინტერნეტის სიჩქარე, რომელსაც როუტერი გაწვდით. თუ სიჩქარე იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს თქვენსა და პროვაიდერს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის დახმარებით შეძლებთ მიზეზის აღმოჩენას და აღმოფხვრას.

ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეამოწმოთ როუტერსა და მოწყობილობას შორის არსებული სიგნალის დონე. თუ გაზომვის შედეგია -30 dBm-დან -40 dBm-ის ჩათვლით, მაშინ Wi-Fi როუტერსა და მოწყობილობას შორის სიგნალის დონე შესანიშნავია. თუ მაჩვენებელი -41 dBm-დან -60 dBm-ის დიაპაზონშია, სიგნალის დონე ძალიან კარგია. -61 dBm-დან -80 dBm-ის ჩათვლით, სიგნალის დონე სუსტია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მაჩვენებელი -81 dBm-დან -100 dBm-ის ფარგლებშია – როუტერსა და მოწყობილობას შორის სიგნალის დონე ძალიან სუსტია.

გაზომვისას გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ Wi-Fi როუტერსა და დაკავშირებულ მოწყობილობას შორის დაბრკოლებების გარეშე, პირდაპირი მანძილი 10-15 მეტრია, თუმცა სიგნალის დონე მაინც 60 dBm ან მეტია, ამ შემთხვევაში უმეტესად პრობლემა როუტერი, მისი თაობა, ხარისხი ან სხვა მოწყობილობების ხელშემშლელი ფაქტორებია.

თუ გაზომვის შედეგად დადგინდა, რომ Wi-Fi როუტერსა და დაკავშირებულ მოწყობილობას შორის სიგნალის დონე სუსტი ან ძალიან სუსტია და ამასთან, გამოირიცხა ისეთი ხელშემშლელი ფაქტორები, როგორებიცაა სხვა მოწყობილობების ზემოქმედება ან როუტერის არასწორი განთავსება, რეკომენდებულია როუტერის შეცვლა. თუ თქვენს სახლში არსებული როუტერი პროვაიდერის მოწოდებულია და თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, შეგიძლიათ ოპერატორს მისი ჩანაცვლების თაობაზე დაუკავშირდეთ. თუმცა, ვინაიდან ოპერატორებს არ გააჩნიათ ვალდებულება აბონენტებს უფასო როუტერები გადასცენ, ხოლო მათ მიერ შემოთავაზებული ალტერნატივა კვლავ ვერ აკმაყოფილებდეს თქვენს მოთხოვნებს, შეგიძლიათ პლატფორმაზე განთავსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ერთჯერადად თავად შეიძინოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი როუტერი, რომელიც თქვენს პრობლემას საფუძვლიანად აღმოფხვრის. wifi.comcom.ge-ზე ასევე დაგხვდებათ ვიდეო-გზამკვლევი, იმის შესახებ თუ როგორ შეარჩიოთ სწორი ადგილი და რა ფაქტორებს მიაქციოთ ყურადღება, როცა სახლში როუტერს დგამთ. ამასთან, ვებ-გვერდზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია Wi-Fi-ის სიჩქარის შეფერხების ისეთი შესაძლო მიზეზების შესახებ, როგორებიცაა დაკავშირებული მოწყობილობები, მომხმარებელთა რაოდენობა, სხვა მოწყობილობებით სიჩქარის გადაფარვა და სხვა.