„მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქი ფართობით პატარაა, იგი გამოირჩევა სოფლის დიალექტების მრავალფეროვნებით. უმეტესწილად, ეს დიალექტები ურთიერთგასაგებია, თუმცა თითოეულ სოფელს თავისი განსხვავებები და თავისებურებები აქვს.

მიუხედავად ამისა, არსებობს სოციალური ფენა ან გარემო, სადაც ადამიანები ერიდებიან დიალექტზე საუბარს. ხშირად სოფლის მცხოვრებლები ხალხმრავალ ადგილებში იცვლიან მეტყველებას და გადადიან ეგრე წოდებულ „კულტურულ“ ვარიანტზე.

ჩვენს გარემოში დიალექტზე საუბარი ხშირად გაუნათლებლობასთან ასოცირდება. ბევრი პირდაპირ ითხოვს ლიტერატურულ მეტყველებას, თითქოს ლიტერატურული ენით საუბარი ადამიანს უფრო სერიოზულს ან უფრო [განათლებულს] ხდის.“

„დიალექტზე მოსაუბრეს თავიდან ხშირად ამცირებენ, სანამ არ გაიგებენ, რამდენად ჭკვიანი ადამიანია.
ეს ღრმად ფსიქოლოგიური მოვლენაა. ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ თავდაჯერებულობა საკუთარი დიალექტის მიმართ და ამ უნდობლობას სხვებსაც გადასცემენ.
როგორც ფილოლოგი, ერევნის გამომცემლობა „ზანგაკის“ ლიტერატურული რედაქტორი ნშან აბასიანი აღნიშნავს: „ლიტერატურული სომხური ჰაერში არ არის გამოკიდებული. ის სწორედ დიალექტების საფუძველზე ჩამოყალიბდა. დიალექტი ადამიანის იდენტობის, დაბადების ადგილისა და წინაპართა მეხსიერების მატარებელია. არსებობს ემოციები და სიტუაციები, რომლებიც ლიტერატურულ ენაზე ძალას კარგავენ“. სომხურში ცნობილია 64-მდე დიალექტი, თუმცა ისტორიული და სოციალური გარემოებების გამო, მათი უმეტესობა დღეს ან თითქმის არ გამოიყენება, ან თანდათან მეორე პლანზე გადადის. კარნოს (ერზრუმის) დიალექტი ერთ-ერთი იმ იშვიათ ცოცხალ დიალექტთაგანია ჩვენს დროში, რომელიც ჯავახეთშიც გამოიყენება. ნშან აბასიანი აღნიშნავს, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ დიალექტი.“

„დიალექტის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, რომ ამ დიალექტზე მოსაუბრე ადამიანები ერთად, კომპაქტურად ცხოვრობდნენ. მაგალითად, დღეს, როდესაც არცახი (ყარაბაღი) ოკუპირებულია, არსებობს საფრთხე, რომ სომხეთში გაფანტული არცახელები დროთა განმავლობაში დაკარგავენ თავიანთ დიალექტს“.

ამავდროულად, დღეს არსებობს მრავალი თანამედროვე შესაძლებლობა დიალექტების შესანარჩუნებლად: დიალექტური მეტყველების პოდკასტები და აუდიოარქივები, მათი ბუნებრივი ჩართვა ლიტერატურაში, ფილმებსა და მედიაში, სწავლება ხელოვნური ინტელექტისა და საგანმანათლებლო აპლიკაციების მეშვეობით, ასევე სკოლებში დიალექტის დაფასების ახალი მიდგომები. ყოველივე ეს საშუალებას იძლევა, დიალექტი შენარჩუნდეს როგორც ცოცხალი მეტყველება და გადაეცეს მომავალ თაობებს, რითაც შენარჩუნდება ენის მრავალფეროვნება და სიცოცხლისუნარიანობა.

ლარისა გრიგორიანი, რომელიც მრავალი წელია კანადაში ცხოვრობს, შინ შვილებთან დიალექტზე საუბრობს.

„დიალექტი იდენტობის ნაწილია. დასანანია, რომ ხშირად ჩვენს თვითმყოფადობას მასობრიობას ვწირავთ. დიალექტი, პირველ რიგში, მისი მატარებლისთვის უნდა იყოს ღირებული. თუ ადამიანი თავად არ აფასებს თავის ენას, ის ვერ შენარჩუნდება.

მე ძირითადად დიალექტზე ვსაუბრობ ბავშვებთან ან მცირე ჯგუფებში. რთულია უხილავი აუდიტორიის დაინტერესება, მაგრამ სწორედ მცირე ნაბიჯებია ნამდვილი პატრიოტიზმი. სასირცხვილო არაფერია. ადამიანებს სინამდვილეში მოსწონთ ჩვენი დიალექტი. გაუგებრობის არ უნდა გვეშინოდეს: თუ ვერ გაიგებენ — იკითხავენ, ჩვენ კი ავუხსნით.

ხშირად სწორედ ის ადამიანები რეაგირებენ უცნაურად, რომელთა წინაპრებიც დიალექტზე მეტყველებდნენ, მაგრამ მათ ეს არ შეინარჩუნეს. აქ უფრო მეტად თვითშემეცნების ნაკლებობის პრობლემაა.

როდესაც დიალექტი ვინმესთვის გაუგებარია, ზრდილობის გამო გასაგებ ენაზე უნდა ვისაუბროთ. მაგრამ იმ გარემოში, სადაც ყველას ესმის, დიალექტისთვის თავის არიდება საჭირო არ არის. დღეს მსოფლიოში არამასობრივი (უნიკალური) კვლავ ფასდება. თუ ეს თაობა არ შეინახავს დიალექტს, ის ბავშვებს აღარ გადაეცემა და ამ დანაკარგზე პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვეკისრება“.

შეიძლება ითქვას, რომ სომხური ენა ბევრად უფრო მეტად იმახინჯება უცხოური სიტყვებით, ვიდრე დიალექტით. დიალექტი ენის ბუნებრივი განვითარებაა, მაშინ როცა უცხოური სიტყვების გაუცნობიერებელი დამკვიდრება ხშირად უბრალოდ ენობრივი სიზარმაცეა.

„ახალქალაქის დიალექტებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება „ა“ და „ე“ ბგერების გამოყენებაა. ზოგიერთ სოფელში ამბობენ: ასორ (დღეს), ასტუნ (აქეთ), ლან (ფართო), ასანქ თე ანანქ (ასე თუ ისე), ჰარ (მამა), მარ (დედა), ახბარ (ძმა), ალ უშ ე (უკვე გვიანია). სხვა სოფლებში კი იგივე სიტყვები ასე ჟღერს: ესორ, ესტუნ, ლენ, ესანქ თე ენანქ, ჰერ, მერ, ახბერ, ელ უშ ე. ზოგ შემთხვევაში გვხვდება ფორმებიც: ისანქ, ისტუნ.

ქალაქის მცხოვრებლები და სოფელ გუმბურდოს მაცხოვრებლები ხშირად იყენებენ ბგერა „შ“-ს, რაც მათ მეტყველებას გიუმრის დიალექტთან აახლოებს: მაშტ (ადამიანი/ქმარი), კაშტალ (კითხვა), აშელ (ყურება), თეშტელ (ნახვა), ეშტალ (წასვლა), ჩოროშტ (მეოთხე) და ა.შ.

ახალქალაქის ერთ-ერთი ცნობილი სიტყვაა „ღუნდ“ (ცხვირი), რომელსაც გუმბურდოში „ღნდიკს“ ეძახიან. ზმნა „ყოფნა“ (ლინელ) სოფლებში ხშირად ასე ჟღერს: ელნალ, ელლი, ელენალ, ეღნი და ა.შ.

სიტყვა „ყვარების“ (სირელ) გამოყენებაც თავისებურია: ადამიანების მიმართ ამბობენ „შატ უზელ“ (შეყვარება), ხოლო საგნების მიმართ — „ჰეზ ენელ“. ასევე დამახასიათებელია:

ცეკვა (პარელ) → ხაღალ

დაკვრა (ნვაგელ) → ჩალელ

წაგება (პარტვილ) → ტარვილ

დანანება (აფსოსალ) → კსკწალ

ალბათ (ერევი) → ოლაქი, ელქოქი, ელლორ, ახრ

პატარა (ფოქრ) → პზტიკ, პიჭ(ილ)იკ, პიჭო.

ქვემოთ წარმოგიდგენთ მოკლე ამბავს, რომელიც დიალექტზე დაწერა ჰრიფსიმე გევორგიანმა ახალქალაქის რაიონის სოფელ გუმბურდოდან (2020 წ.):“

„ბებიაჩემი ახლაც ყვება ხოლმე თავისი ბიძების სახლში გადახდენილ ამბავს ეშმაკზე (სატანაზე). პურის ცხობისას იტყოდა ხოლმე: „მოდით, რაღაც გიამბოთ“. ჩვენც სირბილით მოვიყრიდით თავს და ისიც იწყებდა:

„ჩემი ბიძების სახლში, ძალიან დიდი ხნის წინ, ღამღამობით ბოსლიდან ქურდობა ხდებოდა. ერთხელაც გადაწყვიტეს, ქურდი დაეჭირათ. დაიჭირეს და ნახეს, რომ ადამიანს საერთოდ არ ჰგავდა: ფეხები უკუღმა ჰქონდა, თმიანი იყო, გრძელთმიანი და საზარელი. დაიჭირეს, კარგად სცემეს, თმებით კი სახლში ხატის (წმინდანის) წინ დააბეს, რომ ვერ გაქცეულიყო.

ამ ეშმაკს სახლის საქმეებს აკეთებინებდნენ: ეუბნებოდნენ — დაიძინეო, წყალი მოიტანეო, საქონელს მიხედეო, გამოკვებეო. მაგრამ ეს ეშმაკი ყველაფერს პირიქით აკეთებდა: თუ ეტყოდნენ — დაიძინე, მალე მოიტანე წყალიო, ის მიდიოდა და ძალიან გვიან მოჰქონდა.

ეშმაკი სულ იმას ფიქრობდა, როგორმე თავისი თმა ხატისგან გამოეხსნა და გაქცეულიყო, რადგან თავად ხატს ვერ უახლოვდებოდა. ერთ დღესაც, ამ ოჯახის ვაჟი დანიშნეს და სახლში პატარძალი მოიყვანეს. ეშმაკმა ხელსაყრელი მომენტი შეარჩია, როცა სახლში არავინ იყო და პატარძალი დაარწმუნა, რომ მისი თმა ხატისგან გამოეძრო და მისთვის მიეტანა. რძალმაც, არაფერი იცოდა რა და როგორ იყო, მივიდა და მიუტანა.

როგორც კი ეშმაკმა თმა აიღო, ნაცარს შეაფურთხა და თქვა: „ამ ოჯახს შვიდი თაობა ვაჟი არ ეყოლოსო“ და გაიქცა. იმ დღიდან მოყოლებული, ამ სახლში შვიდი თაობის მანძილზე რაც კი ვაჟი იბადებოდა, ყველა კვდებოდა.

ახლაც, თუ ვინმე სოფელში უცნაურ რამეს ჩაიდენს, ამბობენ ხოლმე: „ეშმაკისეულიაო“.

ავტორი ჰნაზიკ ავეტისიან