2025 წელს, Gazprom-მა საქართველოს გაზის მიწოდება 40%-ით გაზარდა. ინფორმაციას რუსული ენერგოკომპანია ავრცელებს.
მათი ცნობით, „გაზპრომი“ მეზობელი ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას აგრძელებს და 2025 წელს ექსპორტი ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში გაიზარდა. კერძოდ, კომპანიამ ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში რუსული გაზის მიწოდება 22,2%-ით, საქართველოში კი 40.4%-ით გაზარდა.
ბოლო წლებში საქართველოში რუსეთიდან გაზის იმპორტი მზარდია, აზერბაიჯანიდან, რომელიც ჯერჯერობით ბუნებრივი აირის მთავარ მიმწოდებლად რჩება, იმპორტი იკლებს. 2024 წელს რუსეთიდან გაზის იმპორტის მოცულობა ბოლო ათი წლის რეკორდულ მაჩვენებელზე იყო. 2025 წლის მონაცემები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა 11 თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ იმპორტი წელსაც გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის 11 თვეში საქართველომ 123 მლნ დოლარზე მეტი გადაიხადა რუსული გაზის იმპორტში, წლიური ზრდა 13%-ს შეადგენს. დეკემბრის იმპორტის მონაცემები საქსტატს ჯერ არ გამოუქვეყნებია.
რაც შეეხება 2024 წლის მონაცემებს, საქართველომ რუსული გაზის იმპორტში 32%-ით მეტი გადაიხადა. 2024 წელს რუსეთიდან ჯამში თითქმის 146 მლნ დოლარის ღირებულების გაზი იყო იმპორტირებული.
რუსეთთან საქართველოს ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი აკავშირებს, საიდანაც სომხეთი და საქართველო რუსულ გაზს იღებენ. გატარების სანაცვლოდ, საქართველო ბუნებრივ აირს იღებდა [გატარებული გაზის 10%-ს], თუმცა შემდეგ ხელშეკრულების პირობები შეიცვალა და „გაზპრომ ექსპორტმა“ ფულის გადახდა დაიწყო. რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოს საბაბით არ საჯაროვდება, შესაბამისად, პირობები უცნობია.