2020 წლიდან მოყოლებული, საქართველოს მიერ ტრანზიტის სანაცვლოდ მიღებული აზერბაიჯანული გაზის მოცულობა 1.8-ჯერ გაიზარდა.
ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით, 2020 წელს საქართველომ დამატებით 873,804,000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიიღო. 2026 წლისთვის დაგეგმილი მოცულობა 1,645,623,000 კუბურ მეტრს შეადგენს. აქედან 1,167,398,000 კუბური მეტრი ე.წ. „არასავალდებულო“ გაზია, რომლის მოცულობაც დამოკიდებულია საქართველოს კორიდორში ტრანზიტით გატარებული აზერბაიჯანული გაზის მოცულობაზე.
2066 წლამდე დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს უფლება აქვს მიიღოს ტრანზიტული გაზის მოცულობის 5%-მდე, რაც ნიშნავს, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის დატვირთვისას, ე.წ. „არასავალდებულო“ გაზის წილი გაიზრდება.
რაც შეეხება დამატებით გაზს, მისი მოცულობა 2026 წლისთვის 478,225,000 კუბური მეტრი იქნება. დამატებითი გაზის შესყიდვის ხელშეკრულება ძალაშია 2026 წლის ბოლომდე და მისი თანახმად, საქართველო ყოველწლიურად 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეღავათიან ფასად იღებს.
გარდა ამისა, საქართველო ყოველწლიურად დაახლოებით 1.3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ყიდულობს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიისგან, SOCAR-ისგან.