სომხური ეკლესიის ჯავახეთის სასულიერო პირთა განცხადება
სომხეთში გრძელდება კონფლიქტი, რომელიც გავლენას ახდენს საეკლესიო და საერო ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებზე და იწვევს განხეთქილებას ეკლესიასა და საზოგადოებას შორის. სომხური სამოციქულო ეკლესიის შიგნით მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ ვინ და როგორ უნდა წინამძღვრობდეს ეკლესიას. ეს დავა გავლენას ახდენს საქართველოში მცხოვრებ სომხურ თემზეც. ცოტა ხნის წინ, სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის სასულიერო პირებმა ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს.

ჯავახეთის სომეხმა სასულიერო პირებმა ერთსულოვნება და ერთგულება გამოუცხადეს კათოლიკოს გარეგინ II-ს და დედა საყდარ წმინდა ეჯმიაწინს, დაგმეს ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შესაძლოა ეკლესიაში განხეთქილება გამოიწვიოს. სასულიერო პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სომეხი ხალხის სულიერი და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი, როგორც ამის შესახებ მათ საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდებზე დაწერეს. მათ განცხადებებს ქვემოთ გთავაზობთ:

ნინოწმინდა
„მე, მღვდელი ტერ არმაშ პოღოსიანი, ვაცხადებ ჩემს შვილობრივ უპირობო ერთგულებას დედა საყდარ წმინდა ეჯმიაწინისა და მისი ტახტისმპყრობლის, ჩვენი ერის უწმინდესი პატრიარქის მიმართ.

წინააღმდეგი ვარ ამ დამღუპველი პროცესისა, რომელიც მიმართულია ეკლესიისა და ჩვენი მორწმუნე ერის გახლეჩვისკენ.“

წალკა
„მე, მღვდელი ტერ ღევონდ თაზაიანი, ვაცხადებ ჩემს შვილობრივ უპირობო ერთგულებას დედა საყდარ წმინდა ეჯმიაწინისა და მისი ერის მიერ არჩეული ტახტისმპყრობლის, უწმინდესი პატრიარქის მიმართ.“

ახალქალაქი

„მე, მღვდელი ტერ ნარეკ ტიგრანიანი, ვაცხადებ ჩემს შვილობრივ უპირობო ერთგულებას დედა საყდარ წმინდა ეჯმიაწინისა და მისი ტახტისმპყრობლის, ჩვენი ერის უწმინდესი პატრიარქის მიმართ. წინააღმდეგი ვარ ამ დამღუპველი პროცესისა, რომელიც მიმართულია ეკლესიისა და ჩვენი მორწმუნე ერის გახლეჩვისკენ.“

„მე, მღვდელი ტერ თადეოს ტერ-მკრტჩიანი, ვაცხადებ ჩემს შვილობრივ უპირობო ერთგულებას დედა საყდარ წმინდა ეჯმიაწინისა და სრულიად სომეხთა პატრიარქის, კათოლიკოს გარეგინ II-ის მიმართ. ვლოცულობ, რომ ყველა გაერთიანდეს დედა საყდრის გარშემო.“

„მე, მღვდელი ტერ დავით კიურეღიანი, არასოდეს ვუღალატებ ღვთის წინაშე დადებულ ჩემს აღთქმას, როგორც კურთხეული მღვდელი, და ჩემს ერთგულებას დედა საყდარ წმინდა ეჯმიაწინისა და ჩვენი ერის რჩეული პატრიარქის მიმართ. საყვარელო ძმანო ქრისტე იესოს მიერ, სწორედ ჩვენი ერთიანობით შევინარჩუნებთ სომეხი ხალხის ათასწლოვან ისტორიას და არ გავანადგურებთ მას [„სომხეთის ისტორიით“]. ჩვენ შევინარჩუნებთ სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის ათასწლოვან ისტორიას და არა [„სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ისტორიას“]. ვიყოთ გონიერნი ჩვენს წოდებაში, ბრძენი და შორსმჭვრეტელი ჩვენს მსახურებაში.“

ახალციხე
„მე, მღვდელი ტერ თორგომ ვარდანიანი, ვაცხადებ ჩემს შვილობრივ უპირობო ერთგულებას დედა საყდარ წმინდა ეჯმიაწინისა და მისი ერის მიერ არჩეული ტახტისმპყრობლის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად სომეხთა პატრიარქის, გარეგინ II-ის მიმართ.

წინააღმდეგი ვარ და ვგმობ ამ დამღუპველ პროცესს, რომელიც მიმართულია ეკლესიისა და ჩვენი მორწმუნე ერის გახლეჩვისკენ.“

თბილისი

„ჩვენ, საქართველოს სომეხთა ისტორიული ეპარქიის თანამდებობის პირები და თანამშრომლები, შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ჩვენი რწმენისა და ეროვნული იდენტობის ბურჯის — სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის გარშემო განვითარებულ საგანგაშო მოვლენებს.

განსაცდელით აღსავსე ამ დღეებში, ჩვენ, ჩვენს რწმენაში მტკიცენი, ვადასტურებთ ერთგულებასა და მხარდაჭერას ღვთივდაარსებული დედა საყდარ წმინდა ეჯმიაწინისა და მისი ტახტისმპყრობლის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად სომეხთა პატრიარქის, გარეგინ II-ის მიმართ. ასევე, სოლიდარობას ვუცხადებთ ყველას, ვინც დგას ჩვენი „წმინდათა წმინდას“ დაცვის სადარაჯოზე.“

  • სუსანა ხაჩატურიანი

  • კარენ ერიციანი

  • გისანე ჰოვსეფიანი

  • ევგენია მარკოსიანი

  • სურენ აბრამიანი

  • ემილ სარგსიანი

  • გოჰარ მაზმანიანი

  • მარგარიტა კირაკოსიანი

  • მიქაელ ავაგიანი

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და სომხური სამოციქულო ეკლესიის იერარქებს შორის არსებული კონფლიქტი გასული წლის მაისიდან აქტიურად განიხილება. ფაშინიანი პერიოდულად აყენებდა კათოლიკოსის ტახტიდან გადაყენების საკითხს.

თავდაპირველად პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გარეგინ II არ არის უფლებამოსილი მართოს ეკლესია, რადგან დაარღვია უცოლობის (ცელიბატის) აღთქმა და ჰყავს ქალიშვილი. მოგვიანებით მან კიდევ ერთი ბრალდება წამოაყენა: ფაშინიანი ამტკიცებდა, რომ პატრიარქს კავშირები აქვს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.

პრემიერ-მინისტრმა ანალოგიური ბრალდება წაუყენა გარეგინ II-ის ძმას, მთავარეპისკოპოს ეზრას ნერსისიანს, რომელიც რუსეთისა და ახალი ნახიჩევანის ეპარქიის წინამძღოლია. მანამდე მან ერთ-ერთ მთავარეპისკოპოსს საკუთარი ბიცოლასთან (ბიძის მეუღლესთან) სასიყვარულო ურთიერთობაშიც კი დასდო ბრალი; ეს ბრალდებები ისე გასაჯაროვდა, რომ სომხური საზოგადოება შოკში ჩააგდო.

სომხური სამოციქულო ეკლესიის უმაღლესმა სასულიერო საბჭომ ბრალდებები შეაფასა, როგორც მცდელობა „ეკლესიის ხმის ჩასახშობად და მისი საზოგადოებრივი გავლენის შესამცირებლად“. საბჭომ შეახსენა საზოგადოებას, რომ ეკლესიის კანონები და წესდება არ ვრცელდება საერო ხელისუფლებაზე. კათოლიკოსს მხარი დაუჭირეს ქვეყნის პირველმა და მესამე პრეზიდენტებმა — ლევონ ტერ-პეტროსიანმა და სერჟ სარგსიანმა, ასევე ოპოზიციურმა პარტიებმა.

ცოტა ხნის წინ, ნიკოლ ფაშინიანმა და 10-მა ეპისკოპოსმა განაცხადეს საეკლესიო რეფორმების პროცესის დაწყებისა და მისი კოორდინაციის მიზნით საბჭოს ფორმირების შესახებ. მათ პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში ხელი მოაწერეს განცხადებას, რომელშიც მოცემული იყო შემდგომი მოქმედებების გეგმა. საბოლოო მიზანი გარეგინ II-ის ტახტიდან გადაყენება და სრულიად სომეხთა ახალი კათოლიკოსის არჩევაა.

დედა საყდრის (ეჩმიაძინის) კანცელარიამ ასევე გაავრცელა განცხადება:

„სომხეთის მთავრობის მეთაურის მიერ წამოწყებული ქმედებები, ეკლესიის შიდა ცხოვრების რეგულირებისა და რეფორმირების საბაბით:

  • პირდაპირ ლახავს სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციას;

  • არღვევს ეკლესიის უფლებებს, რომლებიც გამყარებულია როგორც საერთაშორისო, ისე სომხეთის კანონმდებლობით.

ეპისკოპოსების ჩართვა მსგავს ანტიეკლესიურ პროცესებში და მღვდელმსახურთა მიმართ განხორციელებული ზეწოლა დასაგმობია. ეკლესიის ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ხდება ექსკლუზიურად შესაბამის საეკლესიო ორგანოებში, კანონიკური წესების შესაბამისად“, — ნათქვამია დედა საყდრის განცხადებაში.