მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოქალაქეები, რომლებიც ექვს თვეზე მეტია საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებიან, ვერ შეძლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მომსახურებით სარგებლობას, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას წარმოადგენს. ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც სამინისტრო განმარტავს, ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულებების დაფინანსებას ეხება.

„საზოგადოების ინფორმირებისთვის, გვსურს განვმარტოთ: საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელმაც მიიღო სამედიცინო მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გააგრძელებს პროგრამით სარგებლობას ყოველგვარი ცვლილების გარეშე. სამედიცინო მომსახურება არ შემოიფარგლება მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებით.

ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულებების დაფინანსებას. სახელმწიფო კლინიკას ფიქსირებულ გადასახადს უხდიდა მაშინაც კი, როდესაც საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში არ იმყოფებოდა და, შესაბამისად, არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის 2025 წლის 31 დეკემბრის ბრძანების შესაბამისად, ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული მომსახურების სფეროში სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ე.წ. კაპიტაციის მექანიზმს და არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა კომპონენტებზე, მათ შორის გადაუდებელ ამბულატორიულ და სტაციონალურ მომსახურებაზე.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოქალაქეს შეეძლოს ამბულატორიულ დაწესებულებაში რეგისტრაცია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე და პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების სრული სპექტრის მიღება.

ეს გადაწყვეტილება ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაძლიერებას, ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილებას და ბენეფიციარების ინტერესების დაცვას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.