საქართველოში რძის წარმოება მცირდება, იმპორტი კი იზრდება. უფრო კონკრეტულად, „თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, 2023 წელს ქვეყანამ 584 ათასი ტონა რძე აწარმოვა, 2024 წელს კი 574 ათასი ტონა.

ამასთანავე, გასულ წელს საქართველოში 213 ათასი ტონა რძის იმპორტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი 2023 წელს 197 ათას ტონას შეადგენდა.

მონაცემები აჩვენებს, რომ რძის იმპორტი გაიზარდა 8%-ით, ხოლო ადგილობრივი წარმოება შემცირდა 2%-ით.

„საქართველოში რძის წარმოება მცირედით იცვლება ბოლო წლების განმავლობაში, მაშინ როდესაც იმპორტის სტაბილური ზრდა მიუთითებს, რომ შიდა მიწოდება ვერ ახერხებს მზარდი მოთხოვნის ტემპის დაცვას“, – აღნიშნულია კვლევაში.

ამასთანავე, პუბლიკაციის მიხედვით, 2024 წელს ქვეყანაში ჯამში 812 ათასი სული ცოცხალი რქოსანი პირუტყვი იყო, 2023 წელს კი რაოდენობა 838 ათასს შეადგენდა.

„მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა მცირდება, ხოლო ცოცხალი ცხოველების ექსპორტი მზარდია, რაც მიუთითებს საგარეო მოთხოვნის ზრდაზე, შიდა ფარის შემცირების ხარჯზე“, – ვკითხულობთ ბაზრის მიმოხილვაში.

კვლევის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე გავიდა 19 009 ცოცხალი რქოსანი პირუტყვი, 2024 წლის ათ თვეში კი 13 566 სული, რაც 40%-იანი ზრდაა.

გარდა ამისა, „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ცოცხალი რქოსანი პირუტყვის წველადობა ევროკავშირის მაჩვენებელს ბევრად ჩამორჩება.

„საქართველოში საშუალო წველადობა მხოლოდ 4.7 ლიტრია – გაცილებით ნაკლები, ვიდრე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელია (22 ლიტრი), რაც ხაზს უსვამს პროდუქტიულობის უკიდურესად დაბალ დონეს“, – ვკითხულობთ პუბლიკაციაში.