წელს საქართველომ 2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ფეიერვერკი შემოიტანა. კერძოდ, 2,595 მილიონი დოლარის ღირებულების ფეიერვერკი. ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდს ეხება.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ფეიერვერკის იმპორტი წინა წელთან შედარებით 28%-ით შემცირდა. შედარებისთვის, 2024 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველომ 3,634 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოიტანა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველომ ფეიერვერკი ოთხი ქვეყნიდან შეიძინა, რომელთა უდიდესი წილი, 84%, ბულგარეთზე მოდიოდა.
წლევანდელი წლის იანვარ-ნოემბერში ფეიერვერკი შემდეგი ქვეყნებიდან შემოიტანეს:
ბულგარეთი: 2,177 მილიონი აშშ დოლარი,
ჩერნოგორია: 309,200 აშშ დოლარი,
ჩინეთი: 102,400 აშშ დოლარი,
თურქეთი: 6,700 აშშ დოლარი.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ფეიერვერკის გამოყენების შესახებ რეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმებს აწესებს და რომელიც 2025 წლის 1 აპრილს ამოქმედდა.
ფეიერვერკის პროდუქტის იმ პირისთვის გაყიდვა, რომელსაც არ აქვს მისი ფლობის და/ან გამოყენების უფლება, იწვევს 2000 ლარის ოდენობის ჯარიმას. ფეიერვერკის პროდუქტის შეძენა იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს ამის უფლება, იწვევს 1000 ლარის ოდენობის ჯარიმას.
გარდა ამისა, ფეიერვერკის გამოყენებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების დარღვევით ჯარიმა 2000 ლარია.