2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 2.6 მილიარდი დოლარის ღირებულების 103 ათასი მსუბუქი ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. წინა წელთან შედარებით რეექსპორტის შემოსავალი 403 მილიონი დოლარით, ანუ 18%-ით არის გაზრდილი.
ავტოექსპორტის უმსხვილესი ბაზარი კვლავ ყირგიზეთია, სადაც წელს 1.3 მილიარდი დოლარის 39 ათასი ავტომობილის ექსპორტი აღირიცხა. ამასთან, ყირგიზეთის მიმართულებით ექსპორტი 23%-ით არის გაზრდილი. მნიშვნელოვანია რომ აღნიშნული ქვეყანა არ არის მიერთებული რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს, შესაბამისად ყირგიზ ავტოდილერებს რუსეთში ავტომობილების ექსპორტის შეზღუდვა არ აქვთ. როგორც უშუალოდ ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოდან ყირგიზეთში გაგზავნილი ავტომობილების მხოლოდ 2% ჩადის უშუალოდ ყირგიზეთში, დანარჩენი ავტომობილები კი სავარაუდოდ გზაშივე, რუსეთის ფედერაციაში იყიდება.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ავტოექსპორტში მეორე პოზიციას ყაზახეთი იკავებს 735 მილიონი დოლარით, მესამეზე კი აზერბაიჯანია $197 მილიონით.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან უცხოეთში რეექსპორტზე გატანილი ერთი ავტომობილის საშუალო ფასი 25.2 ათასი დოლარია.
რაც შეეხება ავტომობილების იმპორტს – 2025 წლის 11 თვეში საქართველომ უცხოეთიდან სულ 3.5 მილიარდი დოლარის 212 ათასი ავტომობილი შეისყიდა. აქედან 2/3 ანუ 2.6 მილიარდი დოლარის ავტომობილები შემდგომ რეექსპორტზე გავიდა.
შესაბამისად, საქართველოში დარჩა 918 მილიონი დოლარის ღირებულების 108 ათასი ავტომობილი, რომელთა საშუალო ღირებულებაც ერთ ავტომობილზე 8.5 ათას დოლარს შეადგენდა.
შესაბამისად, თუკი რეექსპორტზე გატანილი ავტომობილების ფასი 25.2 ათასი დოლარია, საქართველოს ადგილობრივი მომხმარებლები საშუალოდ თითქმის სამჯერ უფრო იაფ ავტომობილებს ყიდულობენ.