ახალქალაქის მე-3 საჯარო (ქართული) სკოლა მონაწილეობს საქართველოში პოპულარულ ინტელექტუალურ თამაშში „ტვინების ბრძოლა“, რომლის ფინალური ეტაპიც 21 დეკემბერს, თბილისში გაიმართება.

ამის შესახებ Jnews-მა სკოლის მე-9 კლასის დამრიგებელს, მაია დარბაიძეს ესაუბრა. მისი თქმით, კონკურსის ორგანიზატორები სკოლას თავად დაუკავშირდნენ, მონაწილეობა კი უშუალოდ მოსწავლეების სურვილით დაიგეგმა.

„კონკურსი არ არის საგნობრივი, ის ზოგად ცოდნას ეფუძნება. არსებობს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი: უმცროსი, საშუალო და უფროსი ასაკის კატეგორიები. თითოეულ გუნდში ხუთი მონაწილეა“, – აღნიშნავს მაია დარბაიძე.

კონკურსის პირველი ეტაპი სასკოლო დონეზე ჩატარდა. ამის შემდეგ გამარჯვებული გუნდების შედეგები ქვეყნდება ონლაინ პლატფორმაზე, სადაც ჩანს გუნდების სახელები და რეიტინგები. შემდეგი ეტაპები ტარდება საქალაქო, შემდეგ კი რეგიონულ დონეზე, ხოლო ფინალი თბილისში გაიმართება.

ამჟამად, ახალქალაქის ქართული სკოლის მოსწავლეები დედაქალაქში გასამართი შეჯიბრებისთვის ემზადებიან. ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ მე-7, მე-8, მე-9 და მე-11 კლასების გუნდები. მე-9 და მე-11 კლასის გუნდები ლიდერებად ითვლებიან, ამასთან, მე-11 კლასის გუნდი უკვე მეორედ გახდა რეგიონის ფავორიტი.

კონკურსი კერძო ინიციატივაა და მონაწილეები სხვადასხვა საჩუქრებს იღებენ. მოსამზადებლად ორგანიზატორები ვებგვერდზე განათავსებენ წიგნებსა და მასალებს, რომლებსაც მოსწავლეები ეცნობიან. სკოლაში აღნიშნავენ, რომ ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვების ცოდნის გაღრმავებასა და ინტერესების განვითარებას.

„ეს განვითარების ძალიან კარგი შესაძლებლობაა. კითხვები საერთაშორისო ხასიათისაა და არა მხოლოდ საგნობრივი, რაც ბავშვებისთვის ახალი და საინტერესო გამოცდილებაა. გარდა ამისა, ისინი სხვა სკოლების მონაწილეებთანაც ურთიერთობენ და ინარჩუნებენ კავშირს“, – ამბობს დამრიგებელი.

კონკურსში მონაწილეობა ასევე ხელს უწყობს გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას. მიუხედავად გარკვეული სამგზავრო ხარჯებისა, სკოლა ყოველთვის მზად არის მსგავს ინიციატივებში ჩასართავად. სკოლას დიდი მოლოდინები აქვს და იმედოვნებს, რომ გუნდები მაღალ პოზიციებს დაიკავებენ.

tvinebisbrdzol

მონაწილე გუნდები
მე-9 კლასი

გუნდის ლიდერი: ანატოლი მაცუკატოვი

  • ნიკოლოზ ქასრაშვილი
  • მარი სესაძე
  • ზურა ბერიძე
  • თამარ მელიქიძე

მე-11 კლასი

გუნდის ლიდერი : მათე ვახტანგიშვილი

  • თეკლა თეთვაძე
  • ნიკა ვახტანგიშვილი
  • დათა იაკობაძე
  • თორნიკე კაჭკაჭაშვილი

მე-7 კლასი

ლიდერი: თამარ ქასრაშვილი

  • ანანო ლონდარიძე
  • გიორგი ლონდარიძე
  • თამარ ხმალაძე
  • საბა ზარიძე

მე-8 კლასი

ლიდერი: მაია ზაზაძე

  • ილია ქასრაშვილი
  • ნელი მღებრიშვილი
  • ანი ვეფხვიაშვილი
  • გიორგი ალელიშვილი

ჰნაზიკ ავეტისიან