„თავდაპირველად ელექტრომობილებზე მოთხოვნა მზარდი იყო, თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ, მოთხოვნა ისეთივე ზრდით არ ხასიათდება“, – ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

როგორც დარბაისელი განმარტავს, ელექტრომობილების ბაზრის განვითარებას საქართველოში აფერხებს ელექტროდამტენების კუთხით არსებული გამოწვევები.

მისი თქმით, საქართველოში არ არის საკმარისი რაოდენობის ელექტროდამტენები, რიგ შემთხვევაში კი დამტენებთან რიგები შეინიშნება, რაც დისკომფორტს ქმნის.

„თავდაპირველად ძალიან მზარდი იყო ავტომობილების იმპორტი ჩინეთიდან. იყო მზარდი მოთხოვნა ელექტრომობილებზე, თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ, მოთხოვნა ისეთივე ზრდით არ ხასიათდება. მოგეხსენებათ, რომ ელექტროავტომობილი სპეციფიკური ტრანსპორტია, სჭირდება ყველგან დატენვა, თუ არ დატენა, ფიზიკურად ვერ იმოძრავებს ადამიანი. ვაკვირდები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას, იქ გაცილებით მეტი დამტენია, ვიდრე ჩვენთან, ევროპის და დასავლეთის ქვეყნებზე აღარაფერს ვამბობ.

ეს დამტენები ასრულებენ ბენზინგასამართი სადგურების ფუნქციას, ვიდრე ყველგან არ იქნება ეს დამტენები, თუნდაც ბენზინგასამართ სადგურებზე, ეს ბაზარი ვერ განვითარდება. მაგალითს მოგიყვანთ, ჩემს სახლთან ახლოს მაღაზიასთან დაამატეს რამდენიმე წლის წინ ორი ელექტროდამტენი. გამიხარდა რა თქმა უნდა, რადგან ელექტროავტომობილი მომავლის მანქანაა, მაგრამ მეორე დღეს იმ ადგილას დაახლოებით 8 ავტომობილი იყო რიგში. თუ უფრო მეტად არ განვითარდა ინფრასტრუქტურა ელექტრომობილებისთვის და მეტი დამტენი არ დაიდგა, ეს ბაზარი ვერ გაიზრდება.

ქართველი მომხმარებელი ძალიან პრეტენზიულია, იმ გაგებით რომ მაღალი სტანდარტები გვაქვს, ვართ კომფორტის მოყვარულები. იმ ფონზე, როდესაც ერთი ცალი დამტენია 30 კილომეტრში და იქ არის უამრავი რიგი, პირადად მე არ ვიყიდდი ელექტროავტომობილს. ინფრასტრუქტურა მეტად განსავითარებელი გვაქვს“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ლაშა დარბაისელმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 4 493 ერთეული ელექტრომობილი შემოვიდა (სულ 76.2 მლნ დოლარის ღირებულების). გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 379 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა (ჯამში 46 მლნ დოლარის ღირებულების).

რაც შეეხება საქართველოდან ელექტრომობილების წელს შვიდ თვეში 238%-ით არის გაზრდილი. შვიდ თვეში 2025 წელს საქართველოდან გავიდა 838 ერთეული ელექტრომობილი (21.9 მლნ დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 248 ერთეული (7 მლნ დოლარი).