პრემიერის ირაკლი კობახიძის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტმა მოამზადა კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც 2026 წლიდან ამნისტია ცხადდება სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო მოქალაქეებისათვის სხვადასხვა ვადით ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ბიუროს უკვე წარედგინა, ხოლო სამი მოსმენით, დაჩქარებული წესით ოთხშაბათს მიიღება. ამნისტია შეეხება ყველას, გარდა მძიმე ნარკოდანაშაულში ბრალდებულებისა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/გასაღებას გულისხმობს.

ამნისტია ასევე არ შეეხება იმ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პირისთვის ჩამორთმეულ მოწმობას, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტს განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე წარუდგენს.