საფრანგეთის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში, ოლივიე კურტო, ახალქალაქს გაცნობითი ვიზიტით ეწვია. მან შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებს და სკოლას ეწვია.

ელჩის ვიზიტი ახალქალაქში 9 დეკემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს გაგრძელდა. ელჩი თანამდებობაზე 2025 წლის აგვისტოში დაინიშნა და ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო რეგიონში.

9 დეკემბერს ელჩი და მისი დელეგაცია არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ, ხოლო 10 დეკემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს შეხვედროდნენ. შემდეგ ის ახალქალაქის მე-2 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც ფრანგული ენა ისწავლება.

ელჩი ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებით, სოფლის მეურნეობის მდგომარეობით, ბიზნეს სექტორით და ზოგადად რეგიონის ცხოვრებით დაინტერესდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შეხვედრის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანომ განიხილა ორმხრივი თანამშრომლობა, მუნიციპალიტეტში ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების განვითარების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები.

„ელჩმა გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ფერმერებს და გააღრმავოს თანამშრომლობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სექტორში“, – იტყობინება მუნიციპალიტეტი.

ფოტო: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოფიციალური Facebook გვერდიდან