ახალი, 5-წლიანი ჩარჩო-შეთანხმება, არის ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის ფუნდამენტი, რომელიც, ერთი მხრივ, ეფუძნება ეროვნულ პრიორიტეტებს, ხოლო, მეორე მხრივ, ასახავს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების სულისკვეთებას, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და გაეროს შორის 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩემთვის პატივია, გიმასპინძლოთ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც ხელი ეწერება საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულებას. საქართველოს ურთიერთობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან სამ ათწლეულზე მეტს ითვლის. ამ წლების მანძილზე, ჩვენმა ერთობლივმა ძალისხმევამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ქვეყნის ინსტიტუციური შესაძლებლობები, ხელი შეუწყო კეთილდღეობის უზრუნველყოფას, რეფორმების მხარდაჭერასა და მშვიდობის მშენებლობას.
გლობალური, ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში გარდაიქმნა სახელმწიფოდ, რომელიც უკვე არა მხოლოდ დახმარების მიმღები, არამედ სანდო პარტნიორი და მაგალითის მიმცემია. ეს ყოველივე თანმიმდევრულმა რეფორმებმა და ქვეყნის მშვიდობაზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ განაპირობა,“- განაცხადა კობახიძემ.
მისივე ინფორმაციით, შეთანხმებაში შერჩეული მიმართულებები ეხმიანება მთავრობის მისწრაფებებს, რომ წახალისდეს დეცენტრალიზებული მმართველობა, გაძლიერდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები, ხელი შეეწყოს სოციალური დაცვისა და განათლების სისტემების განვითარებას.