დღეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 2025-2026 სასწავლო წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებისთვის პროგრამის – „ქართული, როგორც მეორე ენა და ინტეგრაცია“ – სტუდენტები მიიღებენ სასწავლო გრანტს, რაც გულისხმობს სემესტრის სწავლის საფასურის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას.

სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
სწავლობდეს პროგრამაზე „ქართული, როგორც მეორე ენა და ინტეგრაცია“;

არ იღებდეს სასწავლო გრანტს ან სწავლის რაიმე სხვა სახის დაფინანსებას;

ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და ანგარიშგების სემესტრში გავლილ თითოეულ საგანში მისი შეფასება იყოს მინიმუმ 85 ქულა;

დააგროვოს სემესტრში მინიმუმ 30 კრედიტი;

იყოს სწავლის პირველი ან მეორე სემესტრის სტუდენტი, რადგან დამატებითი სემესტრის სტუდენტებს დაფინანსებაში მონაწილეობა არ შეუძლიათ.

დაფინანსების გაცემის წესი
2025-2026 სასწავლო წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრების დასრულების შემდეგ, დაფინანსება გაიცემა პროგრამის სტუდენტების მიერ შესაბამის სემესტრში გამოვლენილი აკადემიური მოსწრების საფუძველზე.

„1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ
შეგახსენებთ, რომ „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში დაინერგა 2010-2011 სასწავლო წელს, სპეციალურად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის.

პირველ წელს სტუდენტები სწავლობენ ქართულ ენას, ხოლო სასწავლო წლის ბოლოს, 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში (რაც კურსის წარმატებით დასრულებას ნიშნავს), სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გააგრძელონ სწავლა მათთვის სასურველ ფაკულტეტზე ყოველგვარი გამოცდის ჩაბარების გარეშე.