2025 წლის ოქტომბერში ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვებს 53 ტონა დაამატეს, რაც წელს ყველაზე დიდი ყოველთვიური ზრდაა.
წელს იანვარ-ოქტომბერში ცენტრალურმა ბანკებმა სულ 254 ტონა ოქრო შეიძინეს, რაც, მსოფლიო ოქროს საბჭოს მონაცემებით, წინა სამ წელთან შედარებით შემცირებაა, რაც შესაძლოა ოქროს ფასების ზრდით იყოს გამოწვეული.
„თუმცა, განვითარებად ბაზრებზე ცენტრალური ბანკების სტაბილური აქტივობა ადასტურებს ოქროს მნიშვნელობას მიმდინარე მაკროეკონომიკური გაურკვევლობის კონტექსტში“, – ნათქვამია მსოფლიო ოქროს საბჭოს ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ წელს პოლონეთის ცენტრალური ბანკი კვლავ ოქროს უმსხვილესი მყიდველია, რომელმაც თავის ოქროს რეზერვებს 83 ტონა დაამატა.
„BusinessPressNews“ წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, რომელთა ცენტრალურ ბანკებს ამჟამად ყველაზე დიდი ოქროს რეზერვები აქვთ:
• ამერიკის შეერთებული შტატები: 8,133 ტონა,
• გერმანია: 3,350 ტონა,
• იტალია: 2,452 ტონა,
• საფრანგეთი: 2,437 ტონა,
• რუსეთი: 2,330 ტონა,
• ჩინეთი: 2,303 ტონა,
• ინდოეთი: 880 ტონა,
• იაპონია: 846 ტონა,
• თურქეთი: 641 ტონა,
• ნიდერლანდები: 612 ტონა.
რაც შეეხება საქართველოს, ეროვნული ბანკის საბჭოს 2024 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის სავალუტო ბანკმა შეიძინა 7 ტონა მაღალი ხარისხის მონეტარული ოქრო, რომლის ღირებულება 332,152 მილიონი აშშ დოლარი იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ოქროთი შეივსო.
2025 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ოქროს რეზერვის ღირებულებამ 920,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები 5,602 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც ნიშნავს, რომ ოქრო საქართველოს მთლიანი რეზერვების 16%-ს შეადგენდა.