ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებულ არქიტექტურული იდეების შეფასების კომისიამ განიხილა წინადადებები ამბროლაურსა და ახალციხეში თანამედროვე, მრავალფუნქციური და კომფორტული საზოგადოებრივი სივრცეების – პარკების შექმნის შესახებ. ეს ინფორმაცია ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

სააგენტოს მონაცემებით, განხილვაში მონაწილეობდნენ:

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ბატუ გურჯიძე

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე

ახალციხის მერი ვარლამ წიქლაური

ხელოვანთა ჯგუფი

ინფორმაციის თანახმად, წარდგენილი იყო:

ამბროლაურის პარკის (რიონისპირი) განვითარების ოთხი კონცეფცია.

ახალციხის ცენტრალური პარკის ხუთი წინადადება.

„ამბროლაურის პარკის წინადადებები მოიცავდა გასართობ-შემეცნებითი პარკის შექმნას, ხელოვნური ტბის გარშემო მრავალფუნქციური სივრცეების განვითარებას და სათამაშო, სპორტული და პავილიონური ზონების ინტეგრაციას. ახალციხის ცენტრალური პარკის განვითარების ფარგლებში წარდგენილი კონცეფციები მოიცავდა ამფითეატრის მშენებლობას, საბავშვო, გასართობი, დასასვენებელი და რელიგიური სივრცეების შექმნას, ასევე თანამედროვე ქალაქური ინფრასტრუქტურის მოწყობას,“ — ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, კომისია დეტალურად შეაფასებს ყველა წარმოდგენილ წინადადებას და რამდენიმე დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას. გამარჯვებული კონცეფციის ავტორებთან გაფორმდება კონტრაქტი დეტალური არქიტექტურული პროექტის შემუშავებაზე.