3 დეკემბერს მთელი მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე შეგვახსენებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ ზღუდავს ადამიანის ღირსებას, უფლებებს ან მის წვლილს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

Jnews-მა სცადა გაერკვია, როგორია ახალქალაქში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ყოველდღიურობა და რამდენად არიან ისინი ინტეგრირებული საზოგადოებაში. მასალაში წარმოდგენილია ინტერვიუები ორი შშმ პირის ოჯახის წევრებთან.

ოჯახის წევრის მონათხრობი ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე პირის შესახებ:
„მუშაობას ვერ შეძლებს, რადგან ინტელექტუალური ჩამორჩენილობა აქვს. ურთიერთობისას შეიძლება რაღაცები აუხსნა, მაგრამ ძალიან მალე ავიწყდება. არ აქვს წერითი უნარები, ფერების გარჩევაც უჭირს. მისთვის რთულია საოჯახო საქმეების შესრულებაც. სკოლაში ნასწავლი არ ახსოვს, მალევე ივიწყებს.

მე-10 კლასამდე მას ჰყავდა სპეციალური მასწავლებელი, რომელიც კვირაში ორ საათს მუშაობდა მასთან. შემდგომში, სხვა სპეციალისტის არარსებობის გამო, ეს დახმარება შეწყდა.“

„ის დიდი ინტერესით დადიოდა ჯავახეთის სამღვდელოების (ეპარქიის) ცენტრში; იქ თავს ძალიან კარგად გრძნობდა. თუმცა, პროგრამა სამი წლით დაიხურა. წელს ისევ გაიხსნა და ახლა სიამოვნებით დადის კვირაში ორჯერ, ორ-ორი საათით. მიუხედავად ამისა, დიდ ცვლილებებს ვერ ვამჩნევთ.

ადრე ხშირად დავდიოდით თბილისში კონსულტაციებზე. ექიმები ცვლიდნენ მედიკამენტებს, ნიშნავდნენ ახალ წამლებს. ბოლო ვიზიტიდან ერთი წელი გავიდა, ახლაც იგივე დამამშვიდებელ წამლებს იღებს, რათა არ ინერვიულოს და გარშემომყოფებს უხერხულობა არ შეუქმნას.

სახელმწიფოდან იღებს თვეში 240 ლარის დახმარებას. მრავალი წლის წინ იყო შეურაცხმყოფელი სიტყვების თქმის შემთხვევა, მაგრამ მსგავსი რამ მას შემდეგ აღარ მომხდარა.“

ინტერვიუ ქალთან, რომლის ვაჟმაც მხედველობა დაკარგა

„ვაჟმა მხედველობა ახალგაზრდულ ასაკში დაკარგა. ის სრულწლოვანებამდე გაგლაუკომდა, რამაც თავიდან სერიოზული სირთულეები შექმნა და ნერვულ სისტემაზე იმოქმედა.

„ძირითადად სახლშია. სუფთა ჰაერზე გამოდის, მაგრამ ქალაქში დამოუკიდებლად გასვლა არ შეუძლია. ოჯახის წევრებთან ერთადაც უჭირს, ცდილობს თავი აარიდოს გარეთ გასვლას.“

ქალი დასძენს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაჟის მოვლა დიდწილად სხვებზეა დამოკიდებული.

„მას შეუძლია დამოუკიდებლად ჩაცმა, მაგრამ ფიზიკურად ოჯახის წევრებმა უნდა იზრუნონ მასზე.“

ეკონომიკური პრობლემებიც მნიშვნელოვანია: მას არ შეუძლია მუშაობა, რადგან ვერ ხედავს.

„ის ახლა მხოლოდ სახელმწიფო პენსიას იღებს. მედიკამენტები ძვირია, ხოლო დანარჩენი ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება შემოსავალს.“

მიუხედავად გარემოებებისა, ძირითადად დედა მუშაობს, რათა ვაჟის ოჯახი შეინარჩუნოს.

ეს ორი წარმოდგენილი ამბავი აჩვენებს, რომ ახალქალაქში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ყოველდღიურობა სავსეა როგორც სოციალური, ისე ფინანსური სირთულეებით. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია გაგება, თუ რა სახის სახელმწიფო და ადგილობრივ დახმარებას იღებენ ამ ჯგუფის ადამიანები.

ახალქალაქის მერიის სოციალური განყოფილების უფროსმა, ანაიტ იორდანიანმა, წარმოადგინა ის პროგრამები, რომლებიც განკუთვნილია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისა და ბავშვებისთვის.

სოციალური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო მხარდაჭერა
ერთჯერადი დახმარება: 500 ლარი წელიწადში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

მკურნალობის პროგრამა: 100%-იანი დაფინანსება, მაქსიმუმ 1500 ლარი წელიწადში. ეს პაკეტი მოიცავს რეაბილიტაციას, მასაჟს, თერაპიას და ზოგად მკურნალობას.

სამედიცინო გამოკვლევები: 100%-იანი დაფინანსება, მაქსიმუმ 1000 ლარი წელიწადში.

საგანმანათლებლო მხარდაჭერა: სწავლის საფასურის დაფინანსება სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის. თუ ისინი სწავლობენ მუსიკალურ ან სახელოვნებო დაწესებულებაში, საფასურიც ფინანსდება.

600-ლარიანი მხარდაჭერა გაიცემა წამლებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში.
„ამჟამად, ჩვენ გვყავს 130-135 მომხმარებელი, ეს არის განმცხადებლების რაოდენობა, რაოდენობაზე შეზღუდვა არ არის, გარდა ამისა, მინდა დავამატო, რომ მათ შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე პაკეტით სარგებლობა, აქაც არანაირი შეზღუდვა არ არის, ამიტომ თუ ისინი ერთს გამოიყენებენ, მათ აღარ შეუძლიათ სხვებით სარგებლობა“, – შეაჯამა ანაჰიტ იორდანიანმა.

ჰნაზიკ ავეტისიან