საერთაშორისო და საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ნარჩენების სორტირების კუთხით სერიოზული პრობლემებია. თუმცა, არსებობს ისეთი სტრატეგიები, რომელთა განხორციელება და შედეგებიც შეიძლება იყოს რეალისტური. ეს მოითხოვს ფაზურ მიდგომას და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
Jnews ესაუბრა საქართველოში ნარჩენების სორტირების ექსპერტს, გიორგი ბოლქვაძეს, რათა გაერკვია, თუ რა არის ნარჩენების სორტირება და გადამუშავება, და რამდენად რეალისტურია მათი გამოყენება ჩვენს რეგიონში.
ამჟამად საქართველოში ერთადერთი პრობლემა გადამამუშავებელი ქარხნების სიმცირეა. ნარჩენების გადამუშავება პერსპექტიული იქნება, თუ სახელმწიფო მხარს დაუჭერს უკვე მოქმედ გადამამუშავებელ ქარხნებს. ჩვენს ქვეყანაში საჭიროა ახალი ქარხნები, რომლებიც დაასორტირებენ და გადაამუშავებენ ძველ ნაგავსაყრელებს და პარალელურად იმუშავებენ ახალ ნარჩენებთან.
„ნარჩენების გადამუშავება მცირე მასშტაბით ხორციელდება კერძო სექტორის მიერ, ვინაიდან ტექნიკის არარსებობის გამო ქალაქებში არ არის სპეციალური სანაგვე ურნები. ნარჩენების გადამუშავება კერძო კომპანიების მიერ ხორციელდება და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება“, — ამბობს გიორგი ბოლქვაძე.
მისი თქმით, ნარჩენების სორტირების განხორციელება იაფი გზით არის შესაძლებელი, თუ მოსახლეობა თავადაც წამოვა წინსწრებით.
„ნარჩენების სორტირების ყველაზე ეფექტური გამოცდილება ის არის, როდესაც მოსახლეობა თავად ასორტირებს საკუთარ ნარჩენებს. მაგალითად, სახლში ყველა სახის ნარჩენს აგროვებს ცალკე ტომარაში. თუმცა, აქ გარე ფაქტორიც არსებობს – რომ ყველა ნარჩენისთვის განთავსებული იყოს სპეციალური ურნა და მოსახლეობამ, ნორმების დაცვით, ჩააბაროს ის. ეს არის ნარჩენების სორტირების ყველაზე ეფექტური და იაფი მეთოდი.
რადგან ეს მეთოდი ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში არ მუშაობს, ჩარევა ხდება კერძო სექტორის მხრიდან. მაგრამ ეს ხდება ნაკლებ მუნიციპალიტეტებში და გადამუშავებისთვის უფრო ძვირადღირებულ ტექნიკას იყენებენ. თუ სახელმწიფო ნარჩენების სორტირებას კერძო სექტორის მაგალითით მოახდენს, ეს უფრო ხარჯიანი იქნება“, — ამბობს საქართველოში ნარჩენების სორტირების ექსპერტი გიორგი ბოლქვაძე.
ის ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს ნარჩენების გადამუშავებიდან საკუთარი სარგებელი ექნება.
„ევროპის ბევრ ქვეყანაში ნარჩენები გადამუშავდება და იქვე, ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ჩვენს ქვეყანაში კერძო კომპანიები გადამუშავებას შემოსავლისთვის ახორციელებენ და დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო დონეზე ნარჩენების სორტირებისა და გადამუშავების განხორციელების შემთხვევაში, სახელმწიფო ფინანსურ სარგებელს ნახავს. გაიზრდება ახალი სამუშაო ძალა, ბაზარზე გაჩნდება ახალი პროდუქტები, რომელთა იმპორტის საჭიროება აღარ იქნება და ისინი უფრო იაფი დაჯდება.
საქართველო ნარჩენების სორტირებისა და გადამუშავების საკითხს არა კეთილი ნებით იწყებს, არამედ ვალდებულია ეს გააკეთოს, ისევე როგორც ყველა სახელმწიფო. ნარჩენების პრობლემა ერთი სოფლის ან ქალაქის საკითხი არ არის, ეს საერთაშორისო საკითხია. ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურების გამო, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან იზრუნონ და სწორად გადაამუშაონ ის. ეკოლოგიური რისკები წარმოიშობა, თუ ნარჩენები არასწორად დალაგდება. სასწავლო დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ შეტანილი იქნება მასალები ნარჩენების სორტირებასთან დაკავშირებით“, — ამბობს ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში ნარჩენების სორტირების სისტემის დანერგვა 2023 წლიდან იგეგმებოდა, მაგრამ რადგან პროგრამა ფართომასშტაბიანია, ის ჯერჯერობით პრაქტიკულ ფაზაში არ შესულა. მიუხედავად ამისა, გიორგის თქმით, მუნიციპალიტეტს ამ მიმართულებით სამუშაოები აქვს შესასრულებელი.
„მუნიციპალიტეტში, თუ უკვე დაიწყეს ნარჩენების გადამუშავების სისტემის დანერგვა, დაწყებამდე პარალელურად მოსახლეობის ინფორმირების საკითხით უნდა დაკავდნენ, რათა მუნიციპალიტეტი დროულად არ დადგეს სხვა პრობლემის წინაშე“.
„მუნიციპალიტეტის დონეზე ჩემი რჩევა შემდეგია: ნაკლები ნარჩენის წარმოების თავიდან ასაცილებლად, მოქმედი კომპანიები უნდა გაკონტროლდნენ, თემებში უნდა მოეწყოს საინფორმაციო კამპანიები, რათა თავიდან აიცილონ ის მასალები, რომლებიც ბევრ ნარჩენს წარმოქმნის. ნარჩენების შემცირება თავისთავად ნარჩენების გადამუშავებისკენ გადადგმული ნაბიჯია“, — ხაზს უსვამს ბოლქვაძე.
რამდენადაც რთულად არ უნდა ჩანდეს ნარჩენების სორტირება ჩვენს რეგიონში, დადებითი გამოცდილებები უკვე არსებობს. ორი წლის წინ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამში მოხალისეების ინიციატივით ნარჩენების სორტირების პროგრამა განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ დასორტირებული ნარჩენების რაოდენობა მცირე იყო, მან მაინც მიიპყრო ყურადღება. მუნიციპალიტეტმა მზადყოფნა გამოთქვა, ტრანსპორტი გამოეყო, რათა დასორტირებული ნარჩენები დედაქალაქში, გადამამუშავებელ ქარხანაში გადაეტანა.
„ჩვენ პროგრამა წარმოვადგინეთ და განვახორციელეთ „Umbrella“ პროგრამის ფარგლებში. თავდაპირველად საინფორმაციო შეხვედრები გავმართეთ სპეციალისტებთან და გავეცანით ნარჩენების ტიპებს. მეორე ფაზა უკვე ურნების საკითხი იყო. შემოგვიერთდნენ ჩვენი სოფლის მაცხოვრებლები — სკოლა, კულტურის სახლი — და გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად ვაგროვებდით ნარჩენებს“, — თქვა სოფელ კულიკამში ნარჩენების სორტირების ორგანიზატორებიდან ერთ-ერთმა, მელსიდა მარაბიანმა.
მისი თქმით, ყველაზე რთული ეტაპი შეგროვებული ნარჩენების ჩაბარება იყო, რადგან რეგიონში გადამამუშავებელი ქარხანა არ არის.
„ქარხნიდან ნარჩენების წასაღებად იმ დროს შეეძლოთ მოსვლა, თუკი დიდი რაოდენობით ნაგავი იქნებოდა შეგროვებული — ერთი ტონა პლასტმასი, ერთი ტონა ქაღალდი, მაგრამ ჩვენს სოფელში შეუძლებელი იყო ერთი ტონა პლასტმასის შეგროვება და შენახვა. პროგრამის ხელმძღვანელებს შეეძლოთ გარკვეული ფინანსური მხარდაჭერა გამოეყოთ მანქანის მოსაძებნად და ნარჩენები ჩვენი მეშვეობით ჩაგვებარებინა ქარხანაში. რადგან ჩვენი პროგრამა პერსპექტიული იყო, დახმარებისთვის მივმართეთ მერიას, რასაც მიესალმნენ და მზადყოფნა გამოთქვეს დახმარებისთვის. მერიას შეეძლო ტრანსპორტი გამოეყო შეგროვებული ნარჩენების ქარხანაში გადასატანად“, — ყვება ის.
ეს მოხალისეობრივი ინიციატივა სოფელ კულიკამში დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა.
„რეალურად, ძალიან ცოტა რამ იყო გასაკეთებელი, რომ ეს პროგრამა თავისი გზით გაგრძელებულიყო. ვფიქრობდით, გვერდითა სოფლებიც ჩაგვერთო, რის შემდეგაც დიდი რაოდენობით ნაგავი შეგროვდებოდა და ქარხნიდან წასაღებად მოვიდოდნენ. მაგრამ ისე მოხდა, რომ ყველა დავტოვეთ სოფელი და საქმიანობა შეწყდა“, — ამბობს მელსიდა.
ამ ინიციატივის დადებითი გავლენა დღემდე შესამჩნევია სოფელ კულიკამში.
„ჩვენმა სოფლის მაცხოვრებლებმა ძალიან მარტივად გაიგეს, როგორ უნდა დაესორტირებინათ, სხვებთან მუშაობა არ იქნება რთული. ახლაც რომ ჰკითხოთ ჩვენს მაცხოვრებლებს, ყველა საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული ნარჩენების შესახებ. სოფელში ხშირად ვიკრიბებოდით და ვახორციელებდით დასუფთავების აქციებს — ნარჩენების სორტირებით. ურნები ხარისხიანი არ იყო, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენ თვითონ გავაკეთეთ. მგონია, რომ თუ გაგრძელება იქნებოდა, ურნებისთვის გრანტს მოვითხოვდით და მივიღებდით“, — ასრულებს მელსიდა მარაბიანი.
საქართველოში მოქმედებს ქაღალდის გადამამუშავებელი კომპანიები, ბაზარზეა პლასტმასის გადამამუშავებელი ერთი საწარმო, ასევე მინის, საბურავებისა და გამოყენებული ზეთის გადამუშავებით დაკავებული კომპანიები. გარდა ამისა, არსებობს ერთი კომპანია, რომელსაც თუნუქი და პლასტმასი გააქვს ექსპორტზე. Wasteless არის ერთ-ერთი იმ კომპანიათაგანი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სიმბოლური თანხის სანაცვლოდ აგროვებს და გადაამუშავებს საშიშ ნარჩენებს.
ხაზგასასმელია:
ერთი ალუმინის კონტეინერის გადამუშავებით დაზოგილი ელექტროენერგია საკმარისია იმისთვის, რომ ტელევიზორმა იმუშაოს დაახლოებით სამი საათის განმავლობაში.
ერთი ტონა ქაღალდის გადამუშავებით შესაძლებელია 17 ხის გადარჩენა, 27,000 ლიტრამდე წყლის და 4,100 კვტ ელექტროენერგიის დაზოგვა.
მინა არის ისეთი მასალა, რომლის გადამუშავებაც შესაძლებელია მთლიანად და მრავალჯერადად. ერთი შუშის ბოთლის გადამუშავებით დაზოგილი ენერგია საკმარისია კომპიუტერის დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში მუშაობისთვის.
პლასტმასის გადამუშავებას მნიშვნელოვანი როლი აქვს სათბურის გაზების ემისიების შემცირებაში. პლასტმასის ნარჩენების შეგროვება და გადამუშავება იცავს ეკოსისტემას და ცხოველთა სამყაროს.
ავტორი ჰნაზიკ ავეტისიან