საქართველოს პარლამენტს წარედგინა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია, რომლის მიხედვითაც მთლიანი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის საერთო მოცულობა 36.3 მილიარდ ლარს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო იტყობინება.

სამინისტროს ცნობით, მომავალი წლის რეალური ეკონომიკური ზრდა 5.0%-ით არის მოსალოდნელი, ხოლო საშუალოვადიანი რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-ია.

„ნომინალური მშპ-ს პროგნოზირებული მაჩვენებელი 114.1 მილიარდ ლარს შეადგენს. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 11,300 დოლარს აღემატება. 2029 წლისთვის ნომინალური მშპ 145.5 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, რაც ერთ სულ მოსახლეზე 14,500 დოლარს გადააჭარბებს.

პროექტის წინა ვერსიისგან განსხვავებით, 2026 წლის ნომინალური მშპ-ს პროგნოზი 3.6 მილიარდი ლარით გაიზარდა, რაც განპირობებულია საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ 2024 წლის ნომინალური მშპ-ს ფაქტობრივი მონაცემების კორექტირებით და 2025 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6 პროცენტიდან 7.2 პროცენტამდე გაზრდით.

მთლიანი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 27.04 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, რაც მშპ-ს 23.7%-ს შეადგენს. პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 240 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2.5%-ია, ხოლო სახელმწიფო ვალის დონე მშპ-ს 33.4%-ის ფარგლებშია“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.