დღეს, 20 ნოემბერს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

ცვლილებების მიხედვით, 2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის განაკვეთი კოლოფზე 85 თეთრით, 2.75 ლარამდე იზრდება.

კომიტეტის სხდომაზე “ოცნების” დეპუტატმა ლევან მაჭარაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს და კანონპროექტის ინიციატორს, შოთა ბერეკაშვილს ჰკითხა, როგორ აისახება ეს თამბაქოს ფასზე, რაზეც ბერეკაშვილმა უპასუხა, რომ ეს კომპლექსური კითხვაა, თუმცა სეგმენტების მიხედვით ფასი 20-დან 30 თეთრამდე უნდა გაიზარდოს.

“კომპლექსური კითხვაა. როცა აღნიშნულ ინიციატივაზე ვმუშაობდით, ბაზარი დეტალურად შევისწავლეთ. დღევანდელი მდგომარეობით, იმპორტირებულ სიგარეტს ბაზრის დაახლოებით 95% უკავია. თუ შევხედავთ საშუალო შეჯერებულ ფასს, ის დაახლოებით 7 ლარია. ფასები მერყეობს 5 ლარიდან 17–18 ლარამდე, თუმცა საშუალო ფასი მაინც 7 ლარს შეადგენს.

საშუალო სეგმენტზე, ადვალური გადასახადის 10%-იანი შემცირება ნიშნავს, რომ მწარმოებელს ან იმპორტიორს გადასახადი დაახლოებით 70 თეთრით უმცირდება. თუმცა ფიქსირებული გადასახადის ზრდა 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე, პირიქით, დაახლოებით 85 თეთრით ზრდის ხარჯს. შესაბამისად, ამ ორ კომპონენტს შორის სხვაობა საშუალოდ 15 თეთრს აჩვენებს საცალო ფასზე.

საერთო ჯამში, ეს არის ჩვენი სააქციზო პოლიტიკის ნაწილი, სიგარეტის ფასი უნდა გაიზარდოს ეტაპობრივად. მთავარი გამოწვევაა ის, რომ ბაზრის 95% იმპორტია, რაც ნიშნავს ვალუტის მნიშვნელოვანი მოცულობით გადინებას. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ გადასახადების ზრდა იყოს ეტაპობრივი, რათა არ შეიქმნას ზედმეტი ინფლაციური წნეხი ეროვნულ ვალუტაზე.

პრემიუმ სეგმენტში, დაახლოებით 10-ლარიან სიგარეტზე, სიტუაცია სხვაგვარად არის — ადვალური გადასახადის შემცირება იმპორტიორს უფრო მეტ სარგებელს აძლევს. აქ მატების წერტილი მეტია.

რომ შევაჯამოთ, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ეს სეგმენტებს შორის გადანაწილდება და მნიშვნელოვან ცვლილებას არ გამოიწვევს, ალბათ სადღაც 20-30 თეთრის ფარგლებში გაძვირდება კატეგორიების მიხედვით”, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმზე შეღავათი ვრცელდება პირველ 35 მილიონ კოლოფზე, რის შემდეგაც სტანდარტული ტარიფი იმოქმედებს. ამასთან, ადგილობრივ წარმოებაზე მცირდება აქციზის ადვალური კომპონენტი და ის სარეალიზაციო ფასის 15%-ით განისაზღვრება. ამასთან, ადვალური კომპონენტის აქციზი მცირდება იმპორტირებულ სიგარეტზე და ის 30%-ის ნაცვლად 20%-ით განისაზღვრება.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ პარლამენტმა ადგილობრივი თამბაქოს ინდუსტრიისთვის თამბაქოს ნედლეულის იმპორტზე შეღავათი 2028 წლამდე გაახანგრძლივა.