საქართველოს ონლაინ აზარტული თამაშების სექტორი უკანასკნელი წლების განმავლობაში მაღალი ტემპებით იზრდებოდა. დღეს ბაზარზე წარმოდგენილია რამდენიმე ძირითადი ვებგვერდი, რომლებზეც წლიური ბრუნვა მილიარდობით ლარია.
ონლაინ-კაზინოს შემოსავალი არის ფსონების სახით მიღებულ თანხას გამოკლებული გაცემული მოგება. ამ მაჩვენებელს GGR ეწოდება. ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, 2024 წელს ქვეყანაში მოქმედი 6 ონლაინ-კაზინოს ჯამურმა შემოსავალმა 2 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს თანხა წლიურად 16%-ით არის გაზრდილი. თუკი პირობითად GGR საშუალოდ 8%-10%-ს შეადგენდა, მაშინ მომხმარებლების მიერ გასულ წელს ფსონების სახით დადებული თანხები 19.7-24.6 მილიარდი ლარის ფარგლებში მერყეობდა (ზუსტი ინფორმაცია GGR-ის პროცენტული ოდენობის შესახებ კომპანიების ფინანსურ ანგარიშებში მითითებული არაა).
2025 წლიდან აზარტული თამაშების სექტორისთვის გადასახადები გაიზარდა. GGR-ის მოგების გასადახადი წარსულში არსებული 15%-დან 20%-მდე გაიზარდა.
2024 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, სექტორის უმსხვილესი მოთამაშეა კრისტალბეთი, რომელიც აზარტული თამაშების საერთაშორისო ჯგუფის Entain-ის შემადგენლობაშია. 2024 წელს კომპანიის შემოსავალი საქართველოს ბაზარზე 504.5 მილიონ ლარს შეადგენდა.
შემოსავლებით მეორე ადგილზეა აჭარაბეთი, რომელიც ასევე საერთაშორისო აზარტული თამაშების ჯგუფის, Flutter-ის შემადგენლობაშია. 2024 წელს აჭარაბეთმა 497.5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.
გასულ წელს სექტორის 6 მთავარი მოთამაშის ჯამური წმინდა მოგება 546.5 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წლიურად 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქართველოს ონლაინ აზარტული თამაშების სექტორის ₾2-მილიარდიანი შემოსავლები კომპანიების მიხედვით:
1) კრისტალბეთი
შემოსავალი 2024 წელს – 504,511,000 ლარი, წლიური ზრდა 12%;
მოგება 2024 წელს – 134,164,000 ლარი, წლიური ზრდა 13%.
2) აჭარაბეთი
შემოსავალი 2024 წელს – 497,504,000 ლარი, წლიური ზრდა 23%;
მოგება 2024 წელს – 78,346,000 ლარი, წლიური კლება 37%.
3) კროკობეთი
შემოსავალი 2024 წელს – 388,037,000 ლარი, წლიური ზრდა 15%;
მოგება 2024 წელს – 169,920,000 ლარი, წლიური კლება 3%.
4) ბეთლაივი
შემოსავალი 2024 წელს – 225,837,275 ლარი, წლიური ზრდა 30%;
მოგება 2024 წელს – 65,934,942 ლარი, წლიური ზრდა 18%.
5) ლიდერბეთი
შემოსავალი 2024 წელს – 187,580,000 ლარი, წლიური ზრდა 8%;
მოგება 2024 წელს – 42,139,000 ლარი, წლიური კლება 16%.
6) ევროპაბეთი
შემოსავალი 2024 წელს – 166,794,000 ლარი, წლიური ზრდა 1%;
მოგება 2024 წელს – 38,063,000 ლარი, წლიური ზრდა 4%.
საქართველოს ონლაინ აზარტული თამაშების სექტორი 2022 წლიდან რეგულაციების და დაბეგვრის ახალ მოდელზე გადავიდა, რადგანაც 25 წლამდე პირებს; ასევე საჯარო მოხელეებსა და სოცდაუცველებს თამაში აეკრძალათ. პარალელურად, აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირებაც.
პარალელურად, შეიცვალა სექტორის დაბეგვრის სისტემაც. თუკი წარსულში ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიები განაწილებული მოგების გადასახადით იბეგრებოდნენ, 2022 წლიდან მათ მიერ გადასახდელი გადასახადი GGR-ს ანუ წმინდა სათამაშო შემოსავალს მიება. თავდაპირველად ის 10%-ით განისაზღვრა, 2024 წლიდან 15%-მდე გაიზარდა, ხოლო 2025 წლიდან კი 20%-ის მოგების გადასახადით იბეგრებიან.