ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 33 ნაძვის ხის შესაძენად ტენდერი 11 ნოემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღების ბოლო ვადა დღეს, 19 ნოემბერს, იწურებოდა. ხეების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14,850 ლარი გამოიყო.

ტენდერში წინასწარი ეტაპიდან 13,200 ლარის ღირებულების ტენდერი თღიბულში რეგისტრირებულმა შპს „ანტურიუმმა“ გაიმარჯვა. თუმცა, წინადადება უნდა შეფასდეს და შეირჩეს, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტთან ხელშეკრულება გაფორმდება. შეძენილი საქონლის მიწოდების ვადა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 10 კალენდარული დღეა.

ტენდერის მოთხოვნების თანახმად, ხეები უნდა დაირგოს შესაბამისი ტევადობის ქოთნებში/კონტეინერებში. კონტეინერებში ფესვთა სისტემა დამოუკიდებლად უნდა იყოს განვითარებული (ფესვის ბურთულა არ უნდა იყოს დაზიანებული), რათა შესაძლებელი იყოს მისი ხელახლა დარგვა წლის ნებისმიერ დროს. ხეები უნდა დამუშავდეს შესაბამისი პესტიციდებითა და ზრდის სტიმულატორებით.

ხის ნერგების ხარისხი მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს სოფლის მეურნეობის რეგულაციებსა და სტანდარტებს (მიწოდების სეზონის მიხედვით). მომწოდებელმა უნდა იზრუნოს საქონლის ტრანსპორტირებაზე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ცნობით, „ხას ბახჩას“ საქალაქო პარკსა და „ჯივანის“ პარკში 33 ნაძვის ნერგი უნდა დაირგოს.