ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე, 30 ოქტომბერს, რუბენ პალიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. Jnews-მა ესაუბრა მას სამომავლო საქმიანობისა და ახალ თანამდებობაზე შესასრულებელი გეგმების შესახებ.
2007-2012 წლებში რუბენ პალიანს ეკავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალქალაქის სამსახურის უფროსის თანამდებობა.
2012-2020 წლებში ის იყო საჯარო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსი.
2020-2025 წლებში საჯარო სერვისების განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.
2020-2024 წლებში იყო ახალქალაქის საკრებულოსა და იურიდიული კომისიის წევრი.
ის პროფესიით იურისტია.
— თქვენ ოთხი წელი იყავით საკრებულოს დეპუტატი, შესაბამისად, იცით პრობლემები შიგნიდან. რის შეცვლას ისურვებდით?
— მე ახალი ადამიანი არ ვარ საკრებულოში, მაქვს ოთხწლიანი სამუშაო გამოცდილება, პლუს ჩემი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო ორგანოებში. 2020 წლიდან ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სისტემაში, საადვოკატო კომპანიებსა და სამოქალაქო რეესტრში. მუდმივად მქონდა შეხება დოკუმენტებთან. საკრებულოში მუშაობა საინტერესო იყო: ჩემს ძირითად სამუშაოს ვუთავსებდი საპარლამენტო მოვალეობებს, ვიყავი იურიდიული კომისიის წევრი, ვმონაწილეობდი რაიონის ბიუჯეტის ფორმირებაში და ვიყავი დაკავებული იურიდიული საკითხებით.
თუმცა, დღეს სხვა პასუხისმგებლობაა. საკრებულოს მუშაობის ხელმძღვანელობა ჩემთვის სიახლეა. ჩემი მიზანია, ოთხ წელიწადში ჩვენს ამომრჩეველს დავუმტკიცო, რომ მათ სწორი არჩევანი გააკეთეს. ჩვენ უნდა ვიყოთ ხალხთან, არა როგორც ლიდერები, არამედ მათ სამსახურში, მათი საზრუნავების მოსაგვარებლად. პოლიტიკურად, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ შემდეგი არჩევნებისთვის.
გარდა ამისა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვაპირებ უკვე არსებული დადებითის განვითარებას და გაზრდას. მე მოვედი არა იმისთვის, რომ შევცვალო, არამედ იმისთვის, რომ შევავსო უკვე არსებული დადებითი. მე უფრო მეტ შეხვედრას გავმართავ ხალხთან, რათა ისინი ინფორმირებულნი იყვნენ საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის მუშაობისა და პროგრამების შესახებ და რათა თავად შეძლონ დაგეგმვაში მონაწილეობა.
— რომელია, თქვენი აზრით, მუნიციპალიტეტის ყველაზე აქტუალური პრობლემა?
— მუნიციპალიტეტი ბევრ პროგრამას ახორციელებს, სოფლებში დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულებულია ან მიმდინარეობს. ჩვენ მხარს დავუჭერთ ახალი პროგრამების განვითარებას, კერძოდ, გაზიფიცირებას და დავეხმარებით ორგანიზაციებს, რომლებიც ამას აკეთებენ.
სრულდება სოფლის გზების ასფალტირება, რის შემდეგაც გადავალთ სოფლებს შორის დამაკავშირებელ გზებზე. შემდეგი ნაბიჯია კულტურის ცენტრებისა და კულტურის სახლების რეაბილიტაცია, რადგან ზოგიერთ სოფელში მათი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.
ყურადღება უნდა მივაქციოთ სარწყავ სისტემას, რათა ფერმერების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას დაბალი თვითღირებულება ჰქონდეს და ჩვენი პროდუქტი კონკურენტუნარიანი იყოს ბაზარზე.
— როგორ აფასებთ დეცენტრალიზაციის დონეს საქართველოში?
— საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებელი მუშაობისთვის ყველა პირობაა შექმნილი. მუნიციპალიტეტების ფუნქციები კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული. ჩვენ არ ვართ შეზღუდულები ადგილობრივი საკითხების გადაჭრაში და ვმოქმედებთ ჩვენი უფლებების ფარგლებში. ამ ჩარჩოებში ჩვენ აბსოლუტურად თავისუფლები ვართ.
— ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ამ მოწვევის საკრებულოში ოპოზიციური დეპუტატები არ არიან. რამდენად ეფექტური იქნება მუშაობა მათ გარეშე?
— ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული გადაწყვეტილება საფუძვლიანად იყოს შესწავლილი და დასაბუთებული. არ მგონია, რომ ოპოზიციის არყოფნა უარყოფითად აისახოს საკრებულოს მუშაობაზე.
ის ფაქტი, რომ ყველანი ერთი გუნდიდან ვართ, არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის შეცდომები არ უნდა შევამჩნიოთ და არ გამოვასწოროთ.
ინტერვიუს დასასრულს, რუბენ პალიანმა აღნიშნა, რომ ისინი გააგრძელებენ თანამშრომლობას ადგილობრივ მედიასთან, დაინტერესებულნი არიან მისი განვითარებით და ეცდებიან, რომ ის უფრო ეფექტური გახდეს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკრებულო ღიაა საზოგადოებისთვის, მაცხოვრებლები ყველაფრის შესახებ ინფორმირებულნი იქნებიან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდისა და Facebook გვერდის საშუალებით.