ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ახალ წესები მესამე ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.
განახლებული შეჩერების მექანიზმის ფარგლებში შემოდის მესამე ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი საფუძვლები:
ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეუსაბამობა;
ჰიბრიდული საფრთხეები (მაგალითად, მიგრანტების ნაკადების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტალიზაცია);
ინვესტორთა მოქალაქეობის სქემები (ან „ოქროს პასპორტები“);
ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყნის მიერ ადამიანის უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების თუ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო.
ამავდროულად, ნარჩუნდება შეჩერების მექანიზმის არსებული საფუძვლები, რომელთა შორისაა ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შეუსრულებლობა; შენგენის ზონაში შესვლაზე უარის თქმის და დაშვებულზე მეტხანს დარჩენის მაჩვენებლის ზრდა; თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების ზრდა; ევროკავშირთან თანამშრომლობის შემცირება რეადმისიაზე; საფრთხე შიდა უსაფრთხოებისთვის (მაგ. სისხლის სამართლის დანაშაულების გაზრდის გამო).
ახალი რეგულაცია ასევე აადვილებს შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას. მაგალითად, შესვლაზე უარის თქმის, ვადაგადაცილების, თავშესაფრის მოთხოვნისა და სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულების „მნიშვნელოვანი ზრდის“ შეფასების ზღვარი 50%-დან 30%-მდე ჩამოდის.
უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების ვადა 9-დან 12 თვემდე იზრდება და შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 24 თვით (ნაცვლად დღეს მოქმედი 18 თვისა). ამ დროებითი შეჩერების ფაზაში ევროკომისია დაიწყებს დიალოგს მესამე ქვეყანასთან, რათა გადადგას ნაბიჯები იმ გარემოებების გამოსასწორებლად, რამაც შეჩერება გამოიწვია. უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება შესაძლოა 3 წლით გაგრძელდეს და თუ გამოსავალი არ მოიძებნა, ევროკავშირს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სრულად გაუქმების შესახებ.
„ახალი მექანიზმი ასევე ითვალისწინებს ვიზების გაუქმების მიზანმიმართულ მიდგომას. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად უვიზო რეჟიმის შეჩერება ქვეყნის ყველა მოქალაქეზე მოქმედებს საწყისი პერიოდის გახანგრძლივებისას, ახალი წესების თანახმად, დამატებითი 24-თვიანი შეჩერების ფაზა ავტომატურად არ იმოქმედებს მთელ მოსახლეობაზე. ამის ნაცვლად ევროკავშირს შეუძლია გადაწყვიტოს მთავრობის წარმომადგენლებისა და დიპლომატების მიზანში ამოღება“, — ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში.
ახალი რეგულაცია ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს.
უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ამჟამინდელი სახით 2018 წლიდან მოქმედებს. ის მხოლოდ ერთხელ, 2024 წელს ვანუატუს შემთხვევაში იქნა გამოყენებული.
რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
ევროკავშირის ლიდერების მიერ ამ დრომდე გაკეთებული განცხადებები აჩენს ვარაუდს, რომ საქართველო ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია, ვისაც შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ახალი წესები შეეხოს. იმ შემთხვევაში, თუ მექანიზმი ამოქმედდება ფუნდამენტური უფლებების მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან ევროკავშირთან საგარეო ურთიერთობების გაუარესების საფუძველზე, კომისიას ექნება შესაძლებლობა, უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს მხოლოდ ოფიციალურ პირებს და არა მთელ მოსახლეობას. ევროკავშირს უკვე შეჩერებული აქვს უვიზო რეჟიმი საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტებისთვის, თუმცა მათ მფლობელ ოფიციალური პირებს ევროპაში ჩვეულებრივი პასპორტებით გადაადგილების საშუალება აქვთ უვიზოდ. გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე ევროკავშირის 14-მა ქვეყანამ აღასრულა. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში, გადაწყვეტილება პირდაპირ სავალდებულო იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის.