საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოდან 47 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს.
ბოლო დღეებში განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, საქართველოდან გაძევებულ იქნა ეგვიპტის, ეთიოპიის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, კამერუნის, კენიის, კონგოს, კუბის, ნეპალის, ნიგერიის, რუსეთის, სუდანის, შრი-ლანკისა და ჩინეთის – სულ 47 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი არის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაზე. მის კომპეტენციაში შედის უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების გამოვლენა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან და მათი გაძევების განხორციელება.