2025 წლის III კვარტალში საქართველოში მსხვილფეხა საქონლის რაოდენობა შემცირდა, ფრინველის რაოდენობა კი გაიზარდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, შემცირებულია რძისა და ხორცის წარმოებაც, ხოლო ზრდა ფიქსირდება მხოლოდ კვერცხის წარმოებაში.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის III კვარტალის ბოლოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 3.7%-ით შემცირდა და 812.2 ათასი სული შეადგინა (2024 წელს 848 ათასი). ფურისა და ფურკამეჩის რაოდენობა 389.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5.2%-ით ჩამორჩება (401.8 ათასი).
ღორის რაოდენობამ 182.5 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.1%-ით ნაკლებია (2024 წლის ბოლოს 213.6 ათასი).
ფრინველის რაოდენობა კი პირიქით, გაიზარდა: წლის III კვარტალისთვის 9.981 მლნ ფრთა დაფიქსირდა, რაც 5%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს (9.4 მლნ ფრთა).
რძისა და ხორცის წარმოება იკლებს
2025 წლის III კვარტალში მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა რძის წარმოებაშიც – 156 მილიონი ლიტრი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.1%-ით ნაკლებია (2024 წელს – 171.8 მლნ ლიტრი).
ხორცის წარმოებამ 18.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც ასევე 9%-ით ჩამორჩება 2024 წლის III კვარტალის მონაცემებს (19.5 ათასი ტონა).
კვერცხის წარმოება
საანგარიშო პერიოდში ზრდა მხოლოდ კვერცხის წარმოებაზე ფიქსირდება. 2025 წლის მესამე კვარტალში იწარმოვა 170.9 მილიონი კვერცხი, რაც 6.1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (153.1 მილიონი).